თამო კეშელავა, ალია
ვაქცინაციის გეგმის პირველ (2021 წლის იანვარი) და მეორე (2021 წლის აპრილი) ვარიანტშიც ვკითხულობთ:
„კანდიდატი ვაქცინების შერჩევისას, ქვეყანა ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: (ა) ვაქცინის შემუშავების/ლიცენზირების სტადია და ბაზარზე დაშვების მოსალოდნელი ვადები; (ბ) ვაქცინისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და მოთხოვნები (კომპლექსურობა-სირთულე) ცივი ჯაჭვის მიმართ; (გ) კონკრეტული ვაქცინის შესაძლო რეგისტრაციის ვადები მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ; (დ) ვაქცინის არსებობა COVAX-ის პლატფორმაში და (ე) კონკრეტული ვაქცინისადმი მოსახლეობის შესაძლო ნეგატიური დამოკიდებულების რისკი მწარმოებლის და მწარმოებელი ქვეყნის, სხვა ქვეყნებში ფართო მასშტაბიანი ვაქცინაციის პროგრამებში დაფიქსირებული ვაქცინის უსაფრთხოების/გვერდით მოვლენების სიხშირის, გავრცელების და დაავადების სიმძიმეზე ზეგავლენის თაობაზე ახალი მტკიცებულებების დაგროვების მიხედვით.
ცხრილში მოწოდებული ვაქცინების უმეტესობის შენახვის რეჟიმი 2-80C-ია, გარდა Pfizer/BionTech და Moderna-სი, რომლებიც -700C და – 200C ინახება შესაბამისად. ულტრაცივი ჯაჭვის საჭიროების გათვალისწინებით, და შესაბამისი ლოგისტიკური სირთულეების გამო, Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გამოყენება, ისევე როგორც Moderna-სი ძირითადად ლიმიტირებული რაოდენობით, პრიორიტეტული ჯგუფებისთვის ორგანიზებულად გამოყენების კუთხით არის განხილული. ორივე ვაქცინის შესაძლო მაქსიმალური დოზების რაოდენობა განისაზღვრა მხოლოდ მოსახლეობის პირველი 3%-ის, ანუ პრიორიტეტული ჯგუფების მოცვისთვის. 2021 წლის პირველი კვარტალიდან შესაძლებელი იქნება 2-80C-ის ვაქცინების მიღება, რომელთა მიმართ საქართველოს სამაცივრო, ცივი ჯაჭვის და სხვა ლოგისტიკური სისტემები სრულად არის ადაპტირებული.
დაგეგმვის მიზნით, განისაზღვრა, რომ ამგვარი ვაქცინის ოდენობა არ გადააჭარბებს დოზების იმ რაოდენობას, რაც მოზრდილი მოსახლეობის 3%-ის მოსაცავად არის საჭირო, ანუ ≈200,000 დოზას.“
მოკლედ, ცივი ულტრაცივი ჯაჭვი არ გვაქვს ქვეყანაში და ამიტომ, ფაიზერს და მოდერნას მხოლოდ 200 000 დოზას შემოვიტანთო, მერე კი, განა ულტრაცივ ჯაჭვს გავაძლიერებთ, რადგან იქნებ, მომავალშიც გამოგვადგესო, არამედ, მეორე კვარტალში უკვე იმ ვაქცინებს შემოვიტანთ, რომლებიც 2-8 გრადუს ცელსიუსზე ინახებაო.
ვაქცინაციის გეგმაში ვკითხულობ „ცივი ჯაჭვისთვის დამატებით რესურს არ საჭიროებს ქვეყანა“ – ანუ, არავინ აპირებს ულტრაცივი ჯაჭვის რესურსის დამატებას. თუ არსებული რესურსი, მხოლოდ ფაიზერის მხოლოდ 200 000 დოზისთვის იყო საკმარისი, ახლა როგორ ვაპირებთ ფაიზერის მილიონი დოზის მიღებას და შენახვას? – ვერც ამაზე ნახავთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში რამე ტიპის ინფორმაციას.
ცნობისთვის, უკვე პირველი კვარტალიც გავიარეთ და მეორე კვარტალიც. მესამე კვარტალში გადავაბიჯეთ უკვე და ფაიზერი კი არა, მასიური ვაქცინაცია ჯერ ისევ არ დაგვიწყია (მართალია, ორშაბათს, 5 ივლისს, თითქოს დავიწყეთ მასიური ვაქცინაცია, თუმცა, დღიურად ისევ 3-4 ათასამდე ადამიანი ავცერით, ოფიციალური მონაცემით) და ფაიზერი კი არა, ასტრაზენეკა, რომელზედაც, ლამის ავაგეთ ვაქცინაციის მთელი გეგმა, ვერ შევინახეთ წესიერად!
ჯერ თქვეს ასტრაზენეკას ვაქცინები დამთავრდაო და დაავადებათა კონტროლის ცენტრში აუდიტის სამსახური შევაო, მერე ვაქცინების ქურდობა რომ დააბრალეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადამიანებმა, ვერ გეტყვით ვისი მინიშნებების საფუძველზე, ისევ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს ათქმევინეს, მაცივარს რაღაცა მოუვიდაო და ვაქცინები კი არ გაფუჭებულა, მაგრამ მოხმარებიდან ამოვიღეთო – თითქოს, ვაქცინების ან შენახვაზე იყოს რომელიმე საავადმყოფო პასუხისმგებელი, ან შემოწმებაზე და ან განაწილებაზე.
„Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში ვაქცინა განაწილდება სამი საწყობიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ყოველკვირეულად და მიეწოდება რაიონულ ცენტრებში შერჩეულ ერთ (გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმუმ ორ) ჰოსპიტალურ დაწესებულებას. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება (ა) ვაქცინის შეფუთვის სპეციფიკას ანუ ყუთში არის 5-დოზიანი 195 ფლაკონი ანუ სულ 975 დოზა, რომლის (ბ) -800C-დან გალღობის შემდეგ მისი გამოყენება მაქსიმუმ 5 დღის მანძილზე შეიძლება. ამ 5 დღიდან ერთი დღე ამცრელ წერტილებამდე ვაქცინის დისტრიბუციას დაჭირდება, რაც აცრების ჩასატარებლად მხოლოდ 4 დღეს ტოვებს. ამიტომ ამცრელი წერტილები მომარაგდება ყოველკვირეულად და ცალკეულ წერტილს მიეწოდება 975 დოზის ჯერადი მოცულობები (ან გადაიფუთება უფრო მცირე დოზებად), რაც დაწესებულების წინაშე აყენებს ამოცანას რომ დღეში მიღებული დოზების შესაბამისი რაოდენობის ადამიანი აცრას. სრული შეფუთვის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებამ მინიმუმ 230-240 ადამიანი უნდა აცრას და ამისთვის საჭირო იქნება ცალკეულ დაწესებულებაში 6-7 ამცრელი ბრიგადის მუშაობა.“ – წერია გეგმაში.
როგორც ხედავთ, (შეგიძლიათ ცხრილშიც იხილოთ), ფაიზერის ვაქცინის მხოლოდ 200 000 დოზის შემოტანას ვგეგმავდით, რადგან ულტრა ცივი ჯაჭვი მის შესანახად არ გვაქვს და ულტრა ცივი ჯაჭვის დამატება არ გვჭირდება, თურმე, რადგან მხოლოდ 200 000 დოზა შემოგვაქვს ფაიზერის.
ამჟამად, ხელისუფლება ხან მილიონ დოზა ფაიზერზე საუბრობს, ხან ნახევარ მილიონზე, თუმცა, როგორ აპირებს მათ შენახვას, 200 000 ვაქცინისთვის გათვლილი ულტრაცივი ჯაჭვით, არ ამბობს. იქნებ იმიტომ არ ამბობს, რომ სულაც არ აპირებს მის შემოტანას ზემოთ ნათქვამ რაოდენობაზე მეტად, ვინ იცის.
დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გვირჩია, ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს და ნუ დავკარგავთ ძვირფას დრო “ფაიზერის” ვაქცინის ლოდინში. ავიცრათ იმით, რომელიც გვაქვს, რადგან, რომელიც გვინდა, ის არ გვაქვს – დაახლოებით იგივე პრინციპია, რაც “ფაიზერის” დოზებსა და მაცივრებზე. რატომ დავკარგეთ ესოდენ ძვირფას დროს იმ გეგმის შესადგენად, რომელშიც სხვა რამ წერია, ვიდრე ზეპირი სახით გვეუბნებიან და რატომ დავახარჯინეთ აზიის განვითარების ბანკს მის შექმნაში ფული – ამაზე პასუხი ჩვენ არ გვაქვს.
კომენტარები