პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზ.ა. და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ. დამნაშავედ ცნო ე.წ. “2012 წლის ციხის კადრების” საქმეზე, კერძოდ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე.
ინფორმაციას ამის შესახებ პროკრატურა ავრცელებს
მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზ.ა.-მ შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით. 2012 წლის 17 სექტემბერს, ზ.ა.-მ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დ.ჩ. და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დ.ჭ. დაიბარა.
“თათბირზე გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლებს, ვ.ბ.-სთან დაკავშირებულ პირებს, ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს უნდა განეხორციელებინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების დამცირება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც უნდა გადაეღოთ ვიდეოზე. ხსენებულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფალსიფიკაციის გზით მტკიცებულებები უნდა შეკრებილიყო იმგვარად, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა “დაბრალებოდა” პოლიტიკურ გაერთიანება “ქართული ოცნებას”.
ზ.ა-სთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, დ.ჭ.-მ №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი – ლ.ფ. დაიყოლია ფარული ვიდეოკამერით პატიმართა მიმართ ძალადობის გადაღებაზე. პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამავე დაწესებულების თანამშრომლებს – ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს. ამავდროულად, ლ.ფ.-ს საჯაროდ უნდა გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ვ.ბ.-ს მეშვეობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება.
2012 წლის 17 სექტემბერს, დ.ჭ.-მ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით დაიყოლია ყოფილი პატიმარი და ვ.ბ.-სთან დაახლოებული პირი – ნ.მ. ცრუ ჩვენების მიცემაზე, თითქოსდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნებისგან” გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ვ.ბ. საპყრობილეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გეგმავდა.
2012 წლის 18 სექტემბერს, დავალებისამებრ, ლ.ფ.-მ, ბ.ფ.-სთან და ლ.ფ.-სთან ერთად №8 დაწესებულების №37-ე საკანში გააშიშვლეს პატიმრები რ.გ. და ე.წ., დააჩოქეს მუხლებზე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით ლ.ფ.-მ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა მოხდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეკვეთით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით ლ.ფ.-ს სამუშაო ოთახში შეიტანეს და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსეს 14 100 აშშ დოლარი, მაისური მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი, სადაც ასახული იყო №37 საკანში განხორციელებული ძალადობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, ზ.ა. დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ”,”ე”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით, 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
ამავე განაჩენით, დ.ჭ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ”, “ე”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით, 3691 მუხლის მესამე ნაწილით, 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კომენტარები