თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოწმის სტატუსით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იკითხება.
მისი თქმით, როდესაც გამოძახებაზე მივიდა დაზარალებულს (თამთა თოდაძეს) თითზე პატარა ჭრილობა და მუხლზე სიწითლე აღენიშნებოდა.
„გვითხრა, რომ ის მუშაობდა დეპუტატის ოფისში, სპეციალისტის თანამდებობაზე. გვითხრა მცემაო. მოვიდა სამსახურშიო პახმელიაზე, დალევა უნდოდა, მეც მასთან ერთად დავლიე კონიაკიო. ამის მერე დამიწყო ხელების მოსმა ყველა ადგილზეო. მერე დავემუქრე. გაბრაზდა, ტელეფონი დამიმტვრია, ასევე კომპიუტერიო. ითხოვდა, რომ საპატრულო პოლიცია ოფისში მისულიყო და ფაქტი დაედასტურებინათ, ჩვენ დამამშვიდებელი მივეცით. საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა. მოსული იყო საგამოძიებო სამსახური“,- განაცხადა ექიმმა.
მისივე თქმით, თამთა თოდაძე ამბობდა, რომ გაუპატიურებას მისი უფროსი ცდილობდა.
„აქტიურ მდგომარეობაში იყო. უეცრად იწყებდა ტირილს და ყვირილს. არ ეტყობოდა, რომ მას ალკოჰოლი ალაპარაკებდა. ეს ამბობს ფეხებით მცემაო“,- განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები