გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.
შსს-ს მტკიცებით, ვიდეოკადრების ნაწილი გადაღებულია ფონიჭალაში და ნაწილი კი დედაენის ბაღში. შსს ამბობს, რომ მისი ვარაუდით, ლექსო ლაშქარავა იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. კითხვაზე, როგორ მივიდნენ ამ ვარაუდამდე, შსს პასუხობს, რომ კადრების ნახვით. როდიდანაა არაფხიზელი მდგომარეობის დამამტკიცებელი კადრები, ამაზე შსს კომენტარს არ აკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ შსს მიგვანიშნებს, თითქოს ლექსომ ნარკოტიკი მოიხმარა და ამისათვის იყო ფონიჭალაში, უწყებას არ გაუვრცელებია განცხადება რომ კადრებში გავრცელებულ სახლში ჩხრეკა ჩაატარა ან ვინმე დააკავა.
შსს-ს გავრცელებულ ვიდეოში, იმ კადრებში, რომელიც შსს-ს მტკიცებით ფონიჭალაშია გადაღებული, ჩანს არასრულწლოვნის სახე! გამომდინარე იქედან, რომ მინიშნება კეთდება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, შსს-მ არასრულწლოვნის სახე არ დაფარა.
“ალიამ” მიმართა შსს-ს კითხვით, რატომ დატოვა შსს-მ ბავშვის სახე იდენტიფიცირებისთვის, თუმცა, მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
გეტყვით იმასაც, რომ შსს-მ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეო დაარეკლამა, დიახ, სოციალურ ქსელში გაავრცელა, როგორც დაფინანსებული რეკლამა და დამფინანსებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში, შსს-ს რეკლამის განთავსების ფულსაც ბიუჯეტიდან ვიხდით, ჩვენ ვიხდით, ხალხი, გვინდა, თუ არა ხალხს გარდაცვლილ ოპერატორზე შსს-ს ვარაუდების გავრცელებაში ფულის გადახდა – ამის კომენტარი თქვენთვის მოგვინდვია.
კომენტარები