ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან „ლელოს“ ინიციატივაზე საუბრობს. შეგახსენებთ, “ლელო” ინიციატივით გამოვიდა, უნდობლობა გამოუცხადოს პარლამენტმა მთავრობას.
“ცოტა გაუგებარია, რადგანაც მთავრობის უნდობლობის გამოსაცხადებლად მართალია, 50 დეპუტატია საჭირო, მაგრამ მის გადასაყენებლად 76 ხმაა აუცილებელი. ანუ ამ პროცედურაში მაინც ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ექნება. ამიტომ გაუგებარია მათი ინიციატივა რა მიზანს ემსახურება. მასე „ოცნებას“ ხელისუფლების გადაყენება რომ უნდოდეს, პრემიერი ღარიბაშვილი გადადგებოდა და მთავრობაც მიჰყვებოდა. თუმცა ამას მმართველი გუნდი არჩევნებამდე სამი თვით ადრე რატომ გააკეთებს, ეს ხომ არც ერთ პოლიტიკურ ლოგიკაში არ ჯდება.
უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადება ვერ მოხდება. „ლელოს“ ინიციატივა პირველ რიგში, მმართველ გუნდთან შეთანხმებული უნდა იყოს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომ ისევ პარლამენტის ბოიკოტირება მოხდეს, კვლავ 7 თვის უკანდელ სიტუაციაში დაგვაბრუნებს და ვერც ვერაფერს მივიღებთ. ამ ოპოზიციამ ვერა და ვერ შეიგნო, რომ ხალხს ქუჩა, არეულობა, დაპირისპირება, პარლამენტის ბოიკოტირება და ასე შემდეგ არ უნდა. ამიტომაც იგივე წრეზე წასვლა არაფერს მოუტანთ. საკუთარი შეცდომებიდან ვერ სწავლობენ. კი ბატონო, შეუძლიათ გადავიდნენ ისევ ამ რეჟიმში, მაგრამ აქედან რას მიიღებენ? დასავლეთისთვის ეს ბოიკოტი მიუღებელია, ამიტომ მათი მხარდაჭერა ისევ არ ექნებათ. ხალხი ქუჩაში არ გამოდის, არ უნდა არეულობა და აჰა, ისევ იგივე წრეზე იარონ.
ოპოზიციამ გათვლა ხვალინდელ და ზეგინდელ შედეგზე კი არ უნდა გააკეთოს, ოქტომბრის არჩევნებზე უნდა იფიქროს. პროცესი კი არ უნდა მიუშვან, არამედ პარლამენტის საგამოძიებო კომისია შექმნან. ყველა საკანონმდებლო პროცედურები გამოიყენონ. საერთაშორისო დამკვირვებლები საქმეში ჩართონ და პროცესისადმი მაღალი მხარდაჭერა მოიპოვონ.
მოსახლეობას დაძაბულობა, აგრესია, ჩხუბი, ქვეყნის დაქცევა და გაუბედურება არ უნდა. ვერ გაიგო ამ ოპოზიციამ, რომ ჩვენი მოქალაქეების შეხედულებები შეიცვალა. კი ბატონო, ქუჩაში გამოსულმა რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც კარგად მართულები იყვნენ, ჟურნალისტები ცემეს, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს პროცესები არ უნდა. ამიტომ არის, რომ ხალხი არ გამოდის. მერე ამ მხარდაჭერას უაზრო ქცევებით და არაადეკვატური განცხადებებით ფლანგავენ. ხალხი სტაბილურობას და არასტაბილურობას შორის არჩევანს აკეთებს.
ცალკე კიდევ რა უბედურებაა, როცა ჟურნალისტები პრემიერის გადადგომას ითხოვენ. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ არ გადადგება, რა გასაკვირია? ახლა ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის. ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და შენარჩუნება უნდა. აბა რას იტყვის ახლა ღარიბაშვილი – მაპატიეთ, ბოდიში და მივდივარ თქვენ მობრძანდითო? თავად ხელისუფლებაში რომ იყვნენ რას იზამდნენ? ამ ყველაფრის ანალიზს ხალხი კარგად აკეთებს და მათ ტყუილად ნუ დაემდურებიან“
კომენტარები