“სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფის” ადმინისტრატორი, ნინო ჟვანია, ჯგუფში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ჯგუფი რამდენიმე ხნით წყვეტს ფუნქციონირებას. უბრალოდ ვატყობ მეც მჭირდება უკვე პაუზა, რომ ამ ყველაფერს გავუძლო.
გირჩევთ ეს დრო გამოიყენოთ დასაფიქრებლად – რაშია მიზეზი რომ ყველა სფეროში, ყველა საკითხში ასეთი გარღვევა გვაქვს. რატომ ხდება ასე, რომ დაზარალებულ ადამიანს, რომელსაც ფინანსურის გარდა ემოციური და მორალური ზარალიც მიადგა, აქ კომენტარებში მხარდაჭერის ნაცვლად ძალიან ბევრი დასცინით, თითქოს გიხარიათ ასეთ დღეში რომ ჩავარდა და გონორით იქით ადანაშაულებთ – უი თმიანი ლობიანი შეგხვდა? ღირსი ხარ, სახლში ვერ გამოაცხობ? ქუჩაში რას ყიდულობ? კურიერმა აზელილი აჭარული მოგიტანა? – ღირსი ხარ, არ იცი რომ აჭარული არ უნდა გამოიძახო? გარედან ხმაური გაწუხებს? – გადაცხოვრდი მაშინ სოფელში. უი სოფელში წყალი და ინტერნეტი არ არის? – აბა როგორ გინდა, სოფელი ეგაა. ავტობუსში ჭყლეტვა და სიბინძურე არ მოგწონს? – თქვენი დატოვებულია ის ნაგავიც. ტაქსი რომ გაძვირდა არ დაიწუწუნო – მძღოლმა რა ქნას? ასე უღირს იმას.
2 ათას ლარიანი ტორტი დაიშალა ქორწილში და გეცინებოდათ აქ ზოგს. სულ არ შეგეცოდათ ის გოგო ჩაშხამებული დღესასწაულის გამო, იმიტომ რომ ამენი ფული რატომ გაქვს, სირცხვილია ტორტში ამდენის გადახდაო. 40 ლარიანი ფეხსაცმელი 2 დღეში რომ გაიხა – მასეთი იაფიანისგან რა ხარისხს ითხოვო? დასცინით, ხარისხი თუ გინდა ძვირი უნდა გადაიხადოო. მაგრამ ძვირიანს როცა იყიდის და უფუჭდება მაშინაც დასცინით, დაგაგოიმესო – ესაა თქვენი ლოგიკა რასაც ვაკვირდები. ყველაფერში ერთმანეთს ადანაშაულებთ და დასცინით. ვერ ხვდებით რომ ყველა ერთ ნავში სხედხართ? გგონიათ თქვენ არასდროს შეგეხებათ ეს ყველაფერი, რადგან უფეო ჭკვიანი ხართ და თავს ყოველთვის ყველაფრისგან დაიზღვევთ? ფიქრობთ რომ თქვენს ცეზარში მატლი არასდროს იქნება?
სულ ვოცდები ასეთ კომენტარებზე. რანაირად აზროვნებთ და ამდენი ბოღმა და ზიზღი რატომ გაქვთ დაზარალებული მომხმარებლის მიმართ? მის მხარეს რატომ არ ხართ, როცა თქვენც ყველა მომხმარებელი ხართ? მის ადგილას თქვენი თავის წარმოდგენა რატომ გიჭირთ?
ბევრჯერ დავწერე აქ სხვადასხვა კომენტარებში და კიდევ დავწერ – ეს ჯგუფი არ არის შექმნილი კომპანიების სერვისის გამოსასწორებლად და მათი მუშაობის გასაუმჯობესებლად. იმათ ტრენინგებზე ბოლოს ისედაც ასწავლიან ამ ყველაფერს და ოდესმე მიხედავენ თავს და დაიხვეწებიან. სინამდვილეში ეს ჯგუფი შეიქმნა რომ ხალხმა ისწავლოს თავისი უფლებების დაცვა და ხმის ამოღება იქ, სადაც ატყუებენ და აზარალებენ. აღარ ერქვას ცუდად მომსახურეობის გაპროტესტებას ინტრიგანობა. არველოდი რომ ამ დროს ისევ ერთმანეთის დაჭმას დაიწყებდით აქ ზოგი.
იქნებ გეფიქრათ ამაზე ეს დღეები. რატომ ვართ ასეთები? ყველა სფეროში და ყველა ფლანგზე ერთდროულად(!) რატომ დაგვერხა? რატომ არ ვართ ერთმანეთის სოლიდარულები, რატომ არ გვიჩნდება დაჩაგრულის დაცვის სურვილი და რატომ გვანიჭებს სიამოვნებას დაზარალებულს იქით დავცინოთ, გავაკრიტიკოთ და მასზე ავმაღლდეთ? ყველას ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა რომ აკერია ბოლო დროს პირზე, ეს თვისებები ჯდება თუნდაც მაგ კონტექსტში და რელიგიურ ამბავში? მოსაწონი ქცევაა?
ყველა ჩვენ როცა შევიცვლებით და უკეთესები გავხდებით, საცხობი, სალონი, სკოლა, ბანკის და მარკეტის კონსულტანტიც მაშინ შეიცვლება. რადგან ისინიც ჩვენ ვართ.”
კომენტარები