ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძე სასამართლოში გიორგი მენაბდის საქმეზე ჩვენებას აძლევს.
ზაზა სარალიძემ მისი შვილის გარდაცვალების დღე კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„საავადმყოფოში რომ მივედი, თვალწინ იყო რაც მოხდა, არ მინდოდა დაჯერება რომ უკვე შვილს ვკარგავდი. ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა იქ, ფაქტობრივად იქ არავინ იცოდა მე ვინ ვიყავი, დაცვის ოთახში ბავშვები ჰყავდათ შეყვანილი, კარებზე მიყრდნობილი ვიყავი და მესმოდა ვინ რას ლაპარაკობდა. ყველა ერთი და იმავეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო – მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია.
ბავშვები დავიბარე, დაახლოებით, 15-20 ბავშვი მოვიდა, ზოგს მშობელიც მოყვა, არავინ ასახელებდა კონკრეტულ სახელებს, მშობლები ცდილობდნენ თვითონ გაეცათ ბავშვის ნაცვლად პასუხები, ჩავიწერე მათი საუბარი, ვიცოდი რომ არაკანონიერი იყო, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. ბავშვებმა იქ ნათლად, არაპირდაპირ ჩამოაყალიბეს, მაგრამ ნათლად ჩანდა ამ სამი პირის მონაწილეობა დაჭრის ნაწილში…. როგორც ჩემამდე მოვიდა ამბავი, მათ უფროსები უშლიდნენ საუბარს, სკოლაშიც ჩამოაყალიბეს ეს აზრი – დათო მკვდარია, ცოცხლები გადავარჩინოთ”
ზაზა სარალიძის თქმით, მის შვილს დანის ეშინოდა.
„დანის ეშინოდა, კარტოფილსაც ვერ თლიდა, წინა ზაფხულს, ბოლო დაბადების დღეზე ტორტიც ვერ დაჭრა, რატომ ჰქონდა დანის შიში, არ ვიცი. ადამიანების მოსიყვარულე ადამიანი იყო, გაჭირვებულების გვერდში დგომა უყვარდა“
კომენტარები