არასამთავრობო ორგანიაცია “დემოკრატიის ინდექსი” განცხადებას აქვეყნებს:
“პრაიდის კვირეულში“ მომხდარ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებასთან დაკავშირებით შსს მინისტრის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შეწყვეტის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაჟღერებული სხდომის გადადების სურვილი, რაც შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დაკმაყოფილდა, კონსტიტუციის დარღვევაა და ქმნის განცდას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს მთავრობის თვითნებობის გადაფარვას.
პლენარულ სხდომაზე მინისტრის მოსმენის დაწყებას წინ უძღოდა მედიის წარმომადგენლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნის შემცველი საპროტესტო ბანერების და გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოების გამოფენა. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის ეს ფორმა ხელს არ უშლიდა სხდომის წარმართვას, საპარლამენტო უმრავლესობამ არ ისურვა პროტესტის ფონზე მინისტრის მოსმენა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით პროტესტი ამორალური იყო და არსებული დესტრუქციის ფონზე საქმიანი პროცესის გაგრძელება შეუძლებელად მიიჩნია. იგივე პოზიცია გააჟღერა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფის სურვილი კითხვა-პასუხის რეჟიმის გაგრძელება იყო, პარლამენტის თავმჯომარემ სხდომა შეწყვიტა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა[1]. პროცედურულად შინაგან საქმეთა მინისტრმა თავად მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე წარმდგარიყო პლენარული სხდომის წინაშე, რითაც პარლამენტს გაუჩნდა ვალდებულება მოესმინა მინისტრისთვის. ეს კონსტიტუციური ვალდებულება არ შეასრულა. სხდომის ამ საფუძვლითა და ფორმით შეწყვეტის მექანიზმს კანონმდებლობა არ იცნობს და მმართველი პარტიის ინიციატივა, შემდგომ კი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება სცდება კონსტიტუციითა და რეგლამენტით დადგენილ წესს.
მმართველი პარტიის მიერ დემოკრატიული პროტესტის მინისტრის მოსმენის შეწყვეტის საბაბად გამოყენება ქმნის განცდას, რომ მათ არ სურდათ 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის ჩატარება. ამავეს ადასტურებს ისიც, რომ 5 ივლისის შემდეგ, სხვადასხვა დროს, ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად[2], შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის სხდომაზე არ იქნა დაბარებული. მსგავსი პრეცედენტები ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მის საკონტროლო უფლებამოსილებებს და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს.
[1] საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
[2] ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე დაიბარაhttps://mtavari.tv/news/49021-5-ivlisamde-mtsire-droa-shs-ministris-mocveva
ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ინიციატივა შინაგან საქმეთ მინისტრის კომიტეტზე მოწვევის შესახებ https://www.interpressnews.ge/ka/article/665032-prakcia-lelo-partnioroba-sakartvelostvis-vaxtang-gomelauris-parlamentshi-gamocxadebas-momavali-kviristvis-itxovs/https://www.interpressnews.ge/ka/article/665032-prakcia-lelo-partnioroba-sakartvelostvis-vaxtang-gomelauris-parlamentshi-gamocxadebas-momavali-kviristvis-itxovs/
კომენტარები