ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ექსპერტი–ნეიროქირურგი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი; ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი; ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი – მირზა ხინიკაძე, ქართული და ევროპული განათლებითა და გამოცდილებით ყოველდღიურად უამრავი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. აქვს ერთადერთი მიზანი, მის ხელში მოხვედრილი ყველა სიცოცხლე გადარჩეს და ამისთვის თავს არ ზოგავს.
მირზა ხინიკაძე: სამედიცინო კარიერის შექმნას სჭირდება უდიდესი შრომა, 24 საათიანი სწავლა და განვითარება. მედიცინა ის სფერო არ არის, სადაც წარმატების მიღწევას და გაჩერებას შეძლებ. როგორც კი ექიმი, განსაკუთრებით ქირურგი, ჩათვლის, რომ მას აღარ სჭირდება მეტად განვითარება, სწორედ მაშინ დასრულდება მისი კარიერა. პირველი ოპერაციიდან ათეულობით წელია გასული და ამ წლების მანძილზე მუდმივად ძიებისა და შემეცნების პროცესში ვარ, სკოლის შემდგომი განათლების პერიოდი საქართველოში გავიარე, შემდეგ წავედი უცხოეთში, სხვადასხვა დროით ვიყავი უკრაინასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ბევრ კლინიკაში ვარ ნამყოფი, სადაც ერთმანეთზე უკეთესი პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული უნარ-ჩვევები შევიძინე, რასაც ქართულ რეალობაში ვიყენებ.
– ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, რამდენად რთულია თქვენთვის ყოველი ახალი ოპერაცია?
– ამ საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს თავს, ეს არ არის სამედიცინო მომსახურება, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვის კარგ შედეგს. აქ არის დაავადება, რომელსაც აქვს თავისი განვითარების ფაზები, ოპერაციის ჩვენება, უკუჩვენება, რაც არ უნდა დიდი გამოცდილება გვქონდეს, საბოლოოდ მაინც არსებობს გადარჩენის და სიკვდილიანობის გარკვეული პროცენტული მაჩვენებლები, რასაც ვერ აუვლით გვერდს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება და რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი პაციენტი გვყავდეს.
– რამდენად კარგადაა ტექნიკურად აღჭურვილი ის კლინიკა, სადაც დღეს პრაქტიკულ საქმიანობას ანხორციელებთ და პარალელურად გიკავიათ დირექტორის პოზიცია, როგორ ახერხებთ, ერთდროულად იყოთ კარგი ქირურგიც და კარგი მენეჯერიც?
– არის შემთხვევები, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში ქირურგიული აქტივობით ვარ დაკავებული და დილით ისევ ადმინისტრაციული მოვალეობები მაქვს, პაციენტების მონახულება და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, ჩემი მოვალეობაა რაც შეიძლება მეტი პაციენტის გადარჩენა შევძლო. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ოპერაციის შემდეგ იცი, რომ პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება და შენ უკვე მისთვის ძალიან ახლობელი ხდები.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია შექმნა ისეთი გუნდი, რომელიც რომელიც პატივისცემითა და ერთმანეთის გვერდში დგომითაა გამსჭვალული, არ ვაღიარებ არც ერთ ხელმძღვანელს, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, ის მიღწევები, რაც ჩვენს კლინიკას აქვს, მთელი გუნდის შედეგია და ამ გუნდური მუშაობით ჩვენ ვინარჩუნებთ ხარისხს. რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, როგორც არ უნდა განვითარდეს მედიცინა, ექიმის ფაქტორი ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი, რობოტი ვერ შეასრულებს იმას, რასაც ასრულებს ადამიანის თავის ტვინი, მაგრამ მეორე მხრივ, შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ტექნიკურ აღჭურვილობაზე. არის ოპერაციები, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ტექნიკურ აღჭურვილობასთან. ჩვენს კლინიკას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები?
– ძალიან მნიშვნელოვანია და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, ძალიან ბევრი პაციენტი გადარჩა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ მიდიან პაციენტები უცხოეთში ხარისხიანი მკურნალობის მისაღებად?
– ეს ისეთი პროცესია, რომელსაც ვერ შეაჩერებ, მაგრამ რეალურად დღევანდელი ქართული მედიცინა, განსაკუთრებით ნეიროქირურგიის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ გამოწვევებს. ექიმთა უმრავლესობას განათლება ევროპაში აქვს მიღებული, გვაქვს უმაღლესი ხარისხის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, მაგალითად, იგივე მიკროსკოპი, რაც ევროპის ნებისმიერი წამყვანი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის კლინიკებშია. თუმცა, მათი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში მოსახლეობის გაცილებით დიდი რაოდენობაა, რადგან გამოცდილება მოაქვს ჩატარებული ოპერაციების რაოდენობას. დღეს საქართველოს ნეიროქირურგია ფარავს მსოფლიოში არსებულ აქტიურ გამოწვევებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნებისმიერი, მწვავე სიტუაციაში გაკეთებული ოპერაცია, აბსოლუტურად თანხვედრია იმის, რაც კეთდება ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებში. პირადად მქონია არც ისე ცოტა შემთხვევა, როდესაც ჩვენი ჩატარებული ოპერაციის დოკუმენტური ფირები უნახავთ და შევუქივართ.
– ნებისმიერი დაავადების პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება ადრეული დიაგნოსტიკაა, რამდენად განვითარებულია ეს კულტურა ჩვენთან?
– ბოლო წლებში მოიმატა გეგმიური შემთხვევების დიაგნოსტიკამ, ჩამოყალიბდა სამედიცინო კულტურა, პაციენტი უმნიშვნელო ცვლილებებიდან გამომდინარე, მიდის ექიმთან, იკეთებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას და უფრო ადრეულ პერიოდში ხდება პრობლემის დიაგნოსტირება.
– ძალიან ხშირად გიწევთ ანევრიზმებთან შეხება, როგორია მისი სიმპტომატიკა?
– სამწუხაროდ, გაუმსკდარ ანევრიზმას კლინიკურად არანაირი ჩივილი არ ახასიათებს, ვიდრე არ მოხდება მისი გასკდომა, როგორც კი გასკდება იწყება ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, გონების დაკარგვა, სტატისტიკურად ასეთი პაციენტების დაახლოებით 35 პროცენტი კლინიკამდე ვერ ასწრებს მისვლას და ფატალური შედეგით სრულდება.
– რა ხდება მაშინ როდესაც გასკდომამდე აღმოაჩენთ ანევრიზმა?
– რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტიკა, მით უკეთესია შედეგიც. გაუმსკდარი ანევრიზმის შემთხევაში, გეგმიური ოპერაციული მკურნალობის შედეგი 99 პროცენტში წარმატებულია.
– კოვიდი რამდენად ართულებს მდგომარეობას?
– გვყავდა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც გაუსკდა ანევრიზმა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, მართვით სუნთქვაზე გვყავდა პაციენტი, ოპერატიულად, ყოველგვარი წესების დაცვით ჩავატარეთ ოპერაცია და 2 კვირის თავზე გაეწერა პაციენტი. რა თქმა უნდა, კოვიდი ართულებს სიტუაციას, ამ დროს ექიმმა ვირუსისგან უნდა დაიცვას საკუთარი თავიც და გუნდიც.
– რა თვისებებია საჭირო ქირურგისთვის რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში იბრძვის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის?
– ქირურგს უნდა შეეძლოს, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების მობილიზება მაქსიმალურად მოკლე დროში.
– ოჯახი გაგვაცანით…
– მყავს მეუღლე და სამი შვილი. მეუღლე ექიმი ექოსკოპისტია. რეალურად, ვერ ვუთმობ ბავშვებს სათანადო დროს და შესაძლოა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში საოპერაციოში ვიყო. თუმცა მათგან მაქვს უდიდესი მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ნინო მახარაძე
კომენტარები