“ალიას” რამდენიმე უფლებადამცველმა ერთდროულად მოაწოდა ინფორმაცია, რომ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში სისხლიანი გარჩევა მოხდა პატიმრებს შორის, მათი ინფორმაციით, დაჭრილია 2 და გარდაცვლილია ერთი პატიმარი. მათ აქვთ ეჭვი, რომ პენიტენციური სამსახური, ფაქტის დამალვას ეცდება.
“არ სურთ გახმაურება, როგორი სათქმელია, რომ ასეთი სერიოზული დაპირისპირება მოხდა და ვერ მოახერხეს პატიმრების დაცვა. სისხლის გუბეები იდგა ციხეშიო, გვიყვებიან, სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მისულა. ბოლო პერიოდში ხშირია ციხეებში გარჩევა და ჩხუბი. წელიწადნახევარია პატიმრებს ცოლები არ უნახავთ, ოჯახები ენგრევათ, ძალიან ბევრს, ჩვენი მეშვეობით ბარდება პირდაპირ განქორწინების მოწმობა! სავსეა რესტორნები, სასტუმროები, კურორტები გადაჭედილია და ამათ ისევ არ აქვთ ოჯახთან შეხვედრის უფლება. უმეტესობას უკვე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. მათი რესოციალიზაცია- რეაბილიტაცია საერთოდ აღარ ხდება.” – გვიყვებიან ადვოკატები.
“ალიას” მომხდარს უდასტურებს რუსთავში მცხოვრები ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე:
“კი, მეც გავიგე ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ, გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია 2 პატიმარი. დაჭრილები კლინიკებში ჰყავთ გადაყვანილი. ფაქტის გახმაურება კი არ სურთ, რადგან, ცხადია, ციხის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველჰყო პატიმრების სიცოცხლის უფლება. ჩემი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი იყო შურისძიება”
ამ მომენტისათვის პენიტენციური სამსახური განცხადებას არ ავრცელებს. როგორც კი უწყება კომენტარს გააკეთებს, აქვე გავაახლებთ ინფორმაციას.
კომენტარები