ზუგდიდის სასამართლომ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეს მოსამართლე ნატრული აკობია განიხილავდა. ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება მან 13 ივლისს მიიღო, მედიისთვის ცნობილი კი მხოლოდ დღეს, 27 ივლისს გახდა.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის დამნაშავე არ არის და საკუთარი ძმის გამო დაისაჯა.
ადვოკატი
იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი უარყოფს. კითხვას, თუ მართლაც აპირებდა ძმისთვის ასაფეთქებელი ნივთიერების წაღებას, რატომ არ გაჰყვა შსს უკან, რომ ბადრი ესებუა დაეკავებია, შსს დღემდე არ პასუხობს. უცნობია, რაში სჭირდებოდა ბადრი ესებუას ასაფეთქებელი ნივთიერება, როცა ის ხელყუმბარაც არ გამოუყენებია, რომლითაც, ოფიციალური მონაცემით, ბანკი გაძარცვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ბადრი ესებუას უკვე თვეებია, ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. შეარაღებული ესებუა (ოფიციალური ვერსიით) ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. მინისტრი ამბობს, რომ მაშინ დაიჭერს, როცა დაიჭერს და ასევე, ამბობს იმასაც, რომ წყაროზე დაყრდნობით, მას ქვეყანა არ დაუტოვებია.
პირი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ავთანდილ გალდავა, ზუგდიდიდან აჭარაში გადაიყვანეს და ის დღეს, როგორც აჭარის პირველი პოლიციელი, აცხადებს, “ესებუას მივხედავთ, როცა საჭირო იქნება…”
კომენტარები