დღეს ტელემედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა.
შეგახსენებთ, აღნიშნული ინფორმაცია “ალიამ” 26 ივლისს გაავრცელა, იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრის გარდაცვალებიდან 5 დღის მერე გახმოვანდა დანარჩენ მედიაში ინფორმაცია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ ცდილობს იუსტიციის სამინისტრო ფაქტის მიჩქმალვას.
შეგახსენებთ დეტალებს, “ალია” 26 ივლისი:
“ალიას” რამდენიმე უფლებადამცველმა ერთდროულად მოაწოდა ინფორმაცია, რომ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში სისხლიანი გარჩევა მოხდა პატიმრებს შორის, მათი ინფორმაციით, დაჭრილია 2 და გარდაცვლილია ერთი პატიმარი. მათ აქვთ ეჭვი, რომ პენიტენციური სამსახური, ფაქტის დამალვას ეცდება.
“არ სურთ გახმაურება, როგორი სათქმელია, რომ ასეთი სერიოზული დაპირისპირება მოხდა და ვერ მოახერხეს პატიმრების დაცვა. სისხლის გუბეები იდგა ციხეშიო, გვიყვებიან, სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მისულა. ბოლო პერიოდში ხშირია ციხეებში გარჩევა და ჩხუბი. წელიწადნახევარია პატიმრებს ცოლები არ უნახავთ, ოჯახები ენგრევათ, ძალიან ბევრს, ჩვენი მეშვეობით ბარდება პირდაპირ განქორწინების მოწმობა! სავსეა რესტორნები, სასტუმროები, კურორტები გადაჭედილია და ამათ ისევ არ აქვთ ოჯახთან შეხვედრის უფლება. უმეტესობას უკვე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. მათი რესოციალიზაცია- რეაბილიტაცია საერთოდ აღარ ხდება.” – გვიყვებიან ადვოკატები.
“ალიას” მომხდარს უდასტურებს რუსთავში მცხოვრები ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე:
“კი, მეც გავიგე ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ, გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია 2 პატიმარი. დაჭრილები კლინიკებში ჰყავთ გადაყვანილი. ფაქტის გახმაურება კი არ სურთ, რადგან, ცხადია, ციხის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველჰყო პატიმრების სიცოცხლის უფლება. ჩემი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი იყო შურისძიება”
ამ მომენტისათვის პენიტენციური სამსახური განცხადებას არ ავრცელებს. როგორც კი უწყება კომენტარს გააკეთებს, აქვე გავაახლებთ ინფორმაციას.”
პენიტენციურ სამსახურს ამდენი დღის შემდეგაც კი, განცხადება არ გაუვრცელებია. სად არის გარანტია, რომ სხვა ციხეებშიც არ მოხდა მსგავსი ფაქტები და კიდევ არ არიან გარდაცვლილები, თუ ვხედავთ, რომ გახმაურებულ ამბავზეც კი არ ავრცელებს სამინისტრო ინფორმაციას? “ალიას” უამრავი ადამიანი უკავშირდება და გვიყვებიან სხვა ციხეებში მომხდარ ჩხუბებსა და დაპირისპირებებზეც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ჯერ არ გახმაურებულა. ჩვენ ვცდილობთ ფაქტების გადამოწმებას.
რაც შეეხება რუსთავის ციხეში 26 ივლისს მომხდარ ფაქტს, “ალიას” ადვოკატები გვიყვებიან, რომ დაპირისპირება სხვადასხვა კამერებში მყოფ პატიმრებს შორის მოხდა.
კომენტარები