სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მცდელობით ბოლო დღეებში, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, არის ბოლო მცდელობა საარჩევნო სისტემაზე პოზიციების დაახლოების. დღეს ბევრ თემაზე იყო საუბარი. აქ არანაირ კონკრეტულ შემოთავაზებასთან არ გვაქვს საქმე, საუბარია იმაზე თუ სად შეიძლება მოიძებნოს ისეთი წერტილი, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელი იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ ბალანსს მაჟორიტარულსა და პროპორციულს შორის, არამედ სხვა მექანიზმებს, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას და უზრუნველყოფს იმას, რომ მცირე მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა.”
ჟურნალისტების კითხვაზე, გაიჟღერა თუ არა შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან 110/40 – ზე სისტემამ, უსუფაშვილმა განმარტა, რომ ბევრ ვერსიაზე იყო საუბარი, თუმცა ეს იყო არაფორმალურ ვითარებაში გაჟღერებული, ამიტომ რაიმე ოფიციალურ შემოთავაზებასა და მასზე პასუხზე საუბარი არ არის.
კომენტარები