ანი დვალიშვილი
მოსალოდნელი მოულოდნელობა – შეიძლება ასე შევაფასოთ „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის დოკუმენტის ანულირება. ახლა მოგიყვებით იმას, რაც არ ქმულა და რის გამოც მოხდა რეალურად დოკუმენტზე უარის თქმა. მთავარი ის გახლდათ, რომ დოკუმენტში მითითებული 43% მმართველი გუნდის აქტივს დამოკლეს მახვილივით აწვა კისერზე. რეგიონებს თუ ავიღებთ, „ოცნებას“ ზოგ რეგიონში კარგი მდგომარეობა აქვს,ზოგან – კრიტიკული. ჰოდა, იმ რეგიონებში, სადაც კარგი მდგომარეობაა, აქტივი „გატისკეს“, აქაოდა, 43% თქვენს ხარჯზე უნდა ავიღოთ და ამიტომ, იმაზე მეტად უნდა იმუშაოთ, ვიდრე სხვა დროსო. ამან უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან თავად განსაჯეთ, არის მუნიციპალიტეტები, სადაც გარანტირებული 60-65% აქვს „ოცნებას“ და ამ დროს ეუბნებიან, რომ მინიმუმ 75% უნდა დაიდოს, სანაცვლოდ კი არავის არაფერს უმატებენ. დოკუმენტის ანულირებამ ეს ტვირთი მოხსნა და აქტივი მშვიდად, სტრესის გარეშე იმუშავებს და არც დამატებით თანხებს მოითხოვს, რაც ფულის გამცემებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანხებზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი…
„აქტივმა იცის, რომ მაქსიმალურად უნდა იმუშაოს, მაგრამ პასუხისმგებელი საკუთარ მუნიციპალიტეტზეა. ეს ოფიციალურად, არაოფიციალურად კი მმართველმა გუნდმა აიღო ვალდებულება, 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. როგორ გგონიათ, ირაკლი კობახიძე გამოვიდოდა და ამ ყველაფერს იტყოდა ისე, რომ დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებული არ ჰქონოდა? რა თქმა უნდა, როგორც ევროპელმა, ისე ამერიკელმა პარტნიორებმა „ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ და ამიტომაც არის, ბობოლა კონგრესმენები თუ ევროპის ქვეყნების ლიდერები ხმამაღალ და მკვეთრ განცხადებებსარ აკეთებენ“,- გვეუბნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
როგორც გვეუბნებიან, ამ ვალდებულების დატოვების შესახებ კარგად იციან ოპოზიციურმა პარტიებმა, ანუ მათთვის დიდად არაფერი შეცვლილა. ამიტომაც არის, პარლამენტიდან არავინ რომ არ გავიდა, ნიკა მელია კი წინასაარჩევნა კამპანიას იწყებს და ამიტომ, თან ვითომ ბოიკოტი გამოთქვა და თან საქმეს აკეთებს. ამასთანავე, მან მოწოდებაც გააკეთა თანაგუნდელებისადმი, პარლამენტში დარჩითო. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, უბრალოდ ოფიციალური დათქმა არ არის 43%-ზე, თორემ ამაზე დაბალი მაჩვენებელი ავტომატურად ვადამდელ არჩევნებს რომ ნიშნავს, ადვილი მისახვედრია.
„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატები დაასახელა და ნათლად გამოჩნდა, რომ კადრების მიმართულებით სერიოზული გაჭირვებაა. თითქმის უკვე შევეჩვიეთ, „ოცნება“ მაღალ თანამდებობებზე „ნაციონალებს“ რომ ნიშნავს და ასახელებს. ახლა ცოტა სხვა გაოცებებიც გვემატება – თბილისში დაბადებულ-გაზრდილი გიორგი ნემსაძის ცაგერში გასროლაზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსთავში, მოქმედი დეპუტატის მერობის კანდიდატად დასახელება აშკარა გაჭირვებაზე მიუთითებს. რაც მთავარია, ნინო ლაცაბიძემ არჩევნების შემდეგ ტემპი არ დააგდო და მოსახლეობას ხშირად ხვდებოდა, რამაც „ოცნების“ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი შეასრულა. რუსთავი და გარდაბნის ნაწილი მაჟორიტარის გარეშე რჩება და გაზაფხულზე იქ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.
დასასრულ ფულზეც ვთქვათ. მერობის კანდიდატების გარდა, პრაქტიკულად ასი პროცენტით არის გადაწყვეტილი იმ ადამიანთა ვინაობა,რომლებიც კენჭს სოფლებში, საკრებულოს დეპუტატობისთვის იყრიან. ჰოდა, მმართველმა გუნდმა თითოეულ მათგანს გასაგებად აუხსნა, რომ პარტიას ფული არ აქვთ და მათ სახსრების დახარჯვა საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. მართალია, გასულ თვეში „ოცნებამ“ შემოწირულობების სახით 3 მილიონზე მეტი მიიღო, მაგრამ ეს თანხა კოორდინატორებსა და აგიტატორებზეც კი საკმარისი არ იქნება. საუბარი ერთ თვეზეა, ანუ ერთ ხელფასზე. უხეში გათვლებით, „ქართულ ოცნებას“ ეს არჩევნები 200 მილიონ ლარამდე დაუჯდება და ეს თანხა შემოწირულობებით ვერანაირად ვერ შეგროვდება და ჯიბეზე ხელის გაკვრა სწორედ კანდიდატებს მოუწევთ. 200 მილიონი ვისაც ეხამუშა, გეტყვით, რომ 73 მუნიციპლიტეტზე ეს თანხა რომ გადაანაწილოთ, 3 მილიონიც არ გამოდის.
კომენტარები