ვინ არის ცესკოს ახალი თავმჯდომარე?
გიორგი კალანდარიშვილი 1984 წელს დაიბადა. დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით.
აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია.
კალანდარიშვილმა ასევე დაამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.
სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
საერთაშორისო პროექტით რამდენიმე თვით იმყოფებოდა ბრიტანეთში.
2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი 2008 წელს მიიღო. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.
„არჩევნები პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, ამ პროცესს აფილაციები მოჰყვება. მაღალი საჯარო თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, ბუნებრივია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან სიმპათია თუ ანტიპათია წამოვიდეს. მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი და არ უნდა შეიცავდეს დისკრედიტაციის მცდელობებს. არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არც რაიმე ნათესვური კავშირი და რაიმე სიახლოვე არ გამაჩნია. მე მოლოდინი მაქვს, რომ მექნება ყველას მხარდაჭერა. მე ჩემს თავს არ შევაფასებდი უნაკლოდ, მაგრამ ამ არსებულ ვითარებაში ჩემი კანდიდატურა არის პრიორიტეტული” – განაცხადა კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენისას.
2020 წლის არჩევნების შემდეგ, გიორგი კალანდარიშვილი ამბობდა:
“სოციალურ ქსელში შექმნილია გვერდი სახელწოდებით „გაყალბებული ოქმები“, რომლის საშუალებითაც ვრცელდება თითქოსდა გაყალბებული ოქმები
სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი აქტიურად აზიარებს და ამტკიცებს, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. სინამდვილეში ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითად, საარჩევნო უბანი №22.58.68 პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის იმ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს.
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი სახელწოდებით „გაყალბებული ოქმები“. მსგავს დაფინანსებულ გვერდებზე გავრცელებული ოქმები, რომლებიც თითქოსდა გაყალბებულია, მიზნად ისახავს საზოგადოების აზრის მანიპულაციას, ჩვენი მოქალაქეების დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას.”
ავტორი – ნათია ქენქაძე
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე განთავსებულია მისი ბიოგრაფია.
კომენტარები