საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანაში 33 ათასამდე აქტიური შემთხვევაა, ინფიცირების მზარდი რაოდენობა კი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორისთვის, რაც იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას. შესაბამისად, პრემიერის დავალებით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების, ისე – კოვიდის მართვის პროცესში ახალი კლინიკური სასტუმროების ჩართვის კუთხით.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების – ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რაც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. საბჭო მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციით, პირბადეები ატარონ არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს ისედაც სავალდებულოა, არამედ ღია სივრცეშიც, ვინაიდან პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, რათა ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.
სხდომაზე განიხილეს იმუნიზაციის მიმდინარეობა და ვაქცინაციისთვის დამატებითი სივრცეების მობილიზება. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უმოკლეს ვადებში გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს და აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით, რაც შეიძლება მეტ ცენტრში იყოს შესაძლებელი.
“ალია” კი შეგახსენებთ, გეოგრაფიული თალსაზრისით, ვაქცინაციის ხელმისაწვდომობაზე დიდი ხანია ვწერთ, თუმცა, აქამდე ჯანდაცვის მინისტრი გვპასუხობდა, რომ სადაც არის ადგილი, იქ უნდა წავიდეთ და დიდ ქალაქებში დამატებითი კაბინეტების დამატებას არ აპირებს. ვნახოთ, შეიცვლის, თუ არა მინისტრი აზრს.
კომენტარები