მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
“მოსახლეობაში მუსირებს მითი რომ ვაქცინაცია ვირუსის მუტაციის მიზეზია. სინამდვილეში კი ყველაფერი აბსოლუტურად პირიქითაა – ვირუსი მუტირებს არავაქცინირებულ ორგანიზმში გამრავლების (რეპლიკაციის) დროს.
ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც ვირუსებს ანეიტრალებენ ორგანიზმში შეღწევისთანავე. ამიტომ არის რომ ვაქცინირებული უფრო რთულად ინფიცირდება, ვიდრე არავაქცინირებული.
თუ ანტისხეულებმა სრულად ვერ დაიცვეს ორგანიზმი და ვირუსმა მაინც მოახერხა ორგანიზმში შეღწევა, ანტისხეულების მოქმედების შედეგად ვირუსი “იბოჭება”და ვერ ახერხებს იმ სისწრაფით გამრავლებას (რეპლიკაციას), როგორც არავაქცინირებულ ორგანიზმში. ამიტომ ვაქცინირებული ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმს შედარებით იოლად გადააქვს დაავადება/ინფექცია.
ვაქცინირებულ ორგანიზმში ვირუსის გამრავლების და მუტაციის ძალიან დაბალი შანსია. სულ სხვა სიტუაციაა ვირუსის არავაქცინირებულ ორგანიზმსი შეღწევისას.
1, ვირუსი ორგანიზმში აღწევს გაცილებით ადვილად, რადგან არ ხვდება “წინააღმდეგობა” ანტისხეულების სახით.
2. ორგანიზმში შეღწევისთანავე ვირუსი იწყებს გამრავლებას და “მოედება” მთელ ორგანიზმს ვირუსი თავის სამიზნეთ ირჩევს იმ ქსოვილებს და ორგანოებს, რომლებსაც ვირუსის შესაღწევი რეცეპტორები აქვთ. SARS-CoV-2 შემთხვევაში ეს არის ACE2 რეცეპტორები რომლებიც უხვადაა ფილტვებში, ღვიძლში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, მამაკაცის სათესლე ჯირკვლებში და ა.შ.
3. ვირუსის გამრავლების შედეგად, პირველ რიგში ზიანდება ის ორგანოები, სადაც ვირუსი მრავლდება;
4. გამრავლების (რეპლიკაციის) პროცესში წარმოიქმნება გენეტიკური “შეცდომები” – მუტაციები, რომლებიც შეიძლება ვირუსის საზიანო იყოს, შეიძლება ვირუსი გააძლიეროს.
თუ არ მოხდა ვირუსი გამრავლება/რეპლიკაცია, არ მოხდება გენეტიკური შეცდომა-მუტაცია. სწორედ ამიტომ ვაქცინაცია ორგანიზმს იცავს როგორც ინფიცირებისგან, ასევე ამცირებს ახალი მუტაციების წარმოქმნის ალბათობას.
P.S. კიბოც გენეტიკური დაავადებაა, რადგან სიმსივნური ზრდის მიზეზი სწორედ ქსოვილის გამრავლების დროს დაშვებული გენეტიკური შეცდომები – მუტაციებია.
კომენტარები