„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრამდე განაცხადა:
„ივანიშვილის რეჟიმმა წლებია აჩვენა, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს მისი ნაბიჯები ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისთვის. ამ ბოლო პერიოდში, ეს კიდევ უფრო მკაფიო გახდა, კიდევ უფრო უტიფარი, ღია ფორმა შეიძინა, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ბუნებრივია, ამის შედეგებსაც ვხედავთ, საერთაშორისო იზოლაციაშია რეჟიმი და პრემიერი ღარიბაშვილი, ამას ადასტურებს გაუქმებული ვიზიტები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ლიტვაში, ესტონეთსა და ლატვიაში. ამ ვითარებაში, კრიზისის და საფრთხის მდგომარეობაში, დემოკრატიული ოპოზიციის კომუნიკაცია მთავარ პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავაცნოთ ჩვენი ხედვა, როგორ ვხედავთ ამ ვითარებიდან გამოსავალს, რაში დასჭირდება საქართველოს დახმარება ახლაც და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, რომ ამოვქაჩოთ ეს ზარალი. სანამ ზარალის ამოქაჩვამდე მივალთ, უნდა შევასრულოთ ისტორიული ამოცანა და გავანეიტრალოთ ივანიშვილის რეჟიმის საფრთხე. ამ დროს კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან მნიშვნელოვანია.
სანქცია არის ლეგიტიმური და ბუნებრივი ნაბიჯი, რომელსაც იხილავენ, როდესაც ესა, თუ ის რეჟიმი საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ან სტრატეგიულ ინტერესებს ევროკავშირის ღირებულებებთან მიმართებაში.
ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება სანქციების შესაძლებლობა, უკვე პოლიტიკური განაჩენია. საქართველო სულ სხვაგან იყო და სულ სხვაგან უნდა იყოს. ჩვენ ახლა უნდა ვიხილავდეთ შემდგომი ინტეგრაციის საკითხებს ნატოსა და ევროკავშირში, შეერთებულ შტატებთან დაახლოებას, თავისუფალ ვაჭრობას, ევროკავშირთან მიმართებაში კიდევ მეტ ინტეგრაციას. როდის რა იქნება, არასერიოზული იქნება ჩემგან ამაზე საუბარი. ის, რაც უკვე დადასტურებულია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამ რეჟიმის მიმართ პრაქტიკულად პოლიტიკური ბოიკოტი, ეს არის იზოლაციის პირველი ნაბიჯები. ეს იგივე ნაბიჯის ნაწილია, რისი უკიდურესი ზომა არის სანქციები“
კომენტარები