ხუთთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროებდა ქალებს და ფედერალურ და შტატის კანონებს არღვევდა. აღნიშნული განცხადებით, ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი, ლეტიცია ჯეიმსი გამოვიდა.
ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ ცხადყო, რომ ენდრიუ კუომო ქალებს ხელით ეხებოდა, კოცნიდა, ეხუტებოდა და შეუსაბამო კომენტარებს აკეთებდა.
როგორც ლეტიცია ჯეიმსმა აღნიშნა, გუბერნატორის ოფისი ტოქსიკურ სამუშაო ადგილად იქცა, რამაც შესაძლებელი გახადა სექსუალური შევიწროება.
„კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ გუბერნატორი ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროებდა ნიუ-იორკის შტატის ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებს არასასურველი შეხებით და მრავალი შეურაცხმყოფელი კომენტარის გაკეთებით“, – აღნიშნა ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა.
გამომძიებლებმა 179 ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის მომჩივნები და ნიუ-იორკის შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების ამჟამინდელი და ყოფილი წევრები.
25 თებერვალს ენდრიუ კუომოს ყოფილმა მრჩეველმა მას სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ლინდსი ბოილანის მტკიცებით, 2017 წელს კუომომ მას გაშიშვლებაზე ბანქოს თამაში შესთავაზა.
წყარო – იმედინიუსი
კომენტარები