თვითმმართველობის არჩევნებამდე, „გირჩი“ „ტესლას“ მარკის 20-მდე ავტომობილის გათამაშებას გეგმავს. ამის შესახებ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ავტომობილების შეძენა იმ თანხიდან იგეგმება, რომელიც „გირჩს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო და რომელზეც პარტია უარს ამბობს.
რაქვიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში „ტესლას“ პროექტის გათამაშება დაიწყება იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა წელს არჩევნებზე იყო და ფოტო აქვს გადაღებული საარჩევნო უბანთან.
„გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები, მაგალითად, ცალკე პროექტი გვექნება ბათუმისთვის, თბილისისთვის და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პროცესის პროგნოზირება რთულია, ჩვენ ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვექნება. ჩვენ დავიწყეთ „ზუმდაზუმი“, რომელიც თანამედროვე ვერსიაა კარდაკარის პრინციპის და რომელიც გარდა იმისა, რომ დაგიცავთ კორონავირუსისგან, უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ამომრჩეველს დისკუსიებში ჩაერთოს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ პოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც ვიმყოფებით და სადაც გაურკვეველია, რა მიზნები აქვთ პოლიტიკურ მოთამაშეებს, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი კამპანია ვაწარმოოთ და მართლა სერიოზული პოლიტიკით დავკავდეთ. იმედი მაქვს რომ 20 „ტესლას“ გავათამაშებთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
კომენტარები