უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება; მოქმედი რეგულაციების აღსრულება კიდევ უფრო მკაცრდება
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომლის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცნობილია, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება;
ამასთან, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება; შეზღუდული რჩება კვების ობიექტების მუშაობა 00:00-05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც შესაბამისი უწყებები ასევე მკაცრად გააკონტროლებენ.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება;
ამასთან, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან.
კომენტარები