პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“ჯერ კიდევ 2019 წელს, ერთ-ერთ თავის ანგარიშში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გლობალური ჯანდაცვისთვის 10 ყველაზე დიდ საფრთხეს შორის დაასახელა ანტივაქსერული მოძრაობა… მარტო facebook-ზე, იქ, სადაც ახლა ამ პოსტს ვწერ, ანტივაქსერულ ჯგუფებში გაწევრიანებული არის დაახლოებით 30 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც ახდენს გავლენას დღის წესრიგზე და ე.წ. გადაუჭრელი, მერყევი პირების განწყობაზე და შემდეგ უკვე მათ გადაწყვეტილებაზე.
ამავე პერიოდში, 2018 თუ 2019 წელს, აშშ-ს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტმა, კაილ იასუდამ მიწერა წერილი სამი დიდი ჰოლდინგის – Google, Facebook და Pinterest-ის ხელმძღვანელებს, რომელშიც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მათ პლატფორმებზე არსებული ანტივაქსერული და დეზინფორმაციული აქტივობა ახდენს ვაქცინაციის დისკრედიტაციას, რაც მყისიერად აისახება ბავშვების სიკვდილიანობის ზრდაზე გლობალურად. მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს – 2018 და 2019 წლებში ფეისბუქზე ყველაზე მეტი ანტივაქსერული რეკლამა გაუშვა ორმა ანტივაქსერულმა ჯგუფმა Children’s Health Defense და Stop Mandatory Vaccination.
ბედის ირონიაა, რომ ამ მიმართულებას მხარს უჭერენ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ალბათობით გადარჩნენ სწორედ მათთვის ბავშვობაში გაკეთებული ვაქცინის შედეგად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანტივაქსერებს არ აქვთ თავისი “სწორი” არგუმენტები და მოსაზრებები – ყველა მხარეს აქვს თავისი მოსაზრება, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუსმინო, რათა გაიგო, როგორ ელაპარაკო ადამიანებს, რომლებიც ახდენენ უარყოფით გავლენას პროცესებზე. ანტივაქსერების მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ეჭვი ეხება ვაქცინის ხარისხს და სანდოობას.
მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი არ ენდობიან “სახელდახელოდ გამოგონილ” პრეპარატს. თუმცა თუ ადამიანი არ არის ზოგადად პროგრესის წინააღმდეგი, მაშინ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, მედიცინაც უფრო სწრაფი ტემპით აღწევს მეტ შედეგს, მათ შორის იმის გამო, რომ პროცესები ხორციელდება პარალელურ რეჟიმში, რაც დროის ეკონომიას უკეთებს მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც იბრძვიან კაცობრიობის გადარჩენაზე.
მეორე ეჭვი, რომელიც იმავე კატეგორიას განეკუთვნება, ეხება ვაქცინის ავ-კარგიანობასა და ექსპერიმენტულობას. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ რაც მახსოვს ინტერნეტში წაკითხული ინფორმაციიდან, შემიძლია კონტრარგუმენტის სახით მოვიყვანო: ვაქცინის ჩაშვებამდე, პრეპარატი ჯერ გადის წინა კლინიკურ ცდებს (მოხალისე ადამიანებზე, ან ცხოველებზე). ამის შემდეგ კვლევის პირველ ფაზაში ცდიან 100-მდე კანდიდატს; შემდეგ მეორე ფაზაში პრეპარატს ცდიან ასობით ადამიანზე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მისი გამოყენების უსაფრთხოება და ადამიანის იმუნიტეტის მზაობა. კლინიკური კვლევების მესამე ფაზა ითვალისწინებს პრეპარატის 1000-მდე ადამიანზე გამოცდას, ხოლოდ მეოთხე ფაზა გულისხმობს ვაქცინის დამტკიცებას და ბაზარზე გატანას. ასე რომ, თქვენამდე ვაქცინამ საკმაოდ დიდი გზა განვლო და ასეც ნუ ღელავთ. კი, არსებობს გრძელვადიან პერსპექტივაში გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა, მაგრამ გაცილებით დიდია გარდაცვალების რისკი მოკლევადიან პერსპექტივაში და, რა ვიცი, ამდენად ირაციონალურიც არ მგონია ანტივაქსერი ადამიანი, რომ ამაზე არ იფიქროს და არ გაითვალისწინოს. ასეა თუ ისე, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.
მე ვიცრები 21 აგვისტოს და შენც გთხოვ #აიცერი #ვაქცინაგიცავს“
კომენტარები