Facebook ჯგუფ მედგიდის დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯგუფი დაიბლოკა.
“ჯგუფი აერთიანებდა 103,000 ადამიანს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანის შეკითხვას ეცემოდა პასუხი – მათ შორის მეტწილად ისეთი ადამიანები, რომლებიც ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ზურგშექცეულები იყვნენ და ერთადერთ იმედად ჯგუფი „მედგიდი“ რჩებოდათ, რომელიც ფაქტობრივად დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა თითოეულ მათგანს (მინიმუმ კონსულტაციას იღებდნენ უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტებისგან, რომელიც მათი შეკითხვის შედეგად იკვეთებოდა). აღარ განვავრცობ მედგიდის დადებით მხარეებზე საუბარს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია.
ფაქტობრივად 1 წელია „მედგიდი“ 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მინდა აღვნიშნო, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო – დავხმარებოდით ადამიანებს, როგორც კოვიდის თემატიკასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე, ასევე ზოგადად სამედიცინო სპექტრის პრობლემებზე.
ზემოთხსენებულის შედეგად, ჩემთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ადამიანების გარკვეული ჯგუფი მიზნად ისახავდეს ჯგუფის დისფუნქციას. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ბოროტი ადამიანების გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, რომლებიც კეთილ საქმესაც კი ნებისმიერი გზით აფერხებენ. არ მინდა დავიჯერო, რომ ნებისმიერ დარგში ადამიანები პოლარიზებულები არიან!
ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ გამოვკვეთო, რომ ეს იყო ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სიკეთის კეთებაზე იყო ორიენტირებული, თანაც სრულიად უანგაროდ”
კომენტარები