ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის განცხადებით, არ შეიძლება მასობრივი შეკრებების ორგანიზება ერთ უწყებას, კულტურის სამინისტროს დაბრალდეს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ღონისძიებები აღარ ჩატარდება.
“ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია და ჩვენ სწორედ ეხლა გვაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, რომ ეს ღონისძიება არ ტარდება, ტარდება მხოლოდ ჯილდოების გადაცემა, რომელიც იქნება სრულად დაცული იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც არის ჩემი მხრიდან მოწოდებული”, — განაცხადა მან.
ჟურნალისტმა შეახსენა, რომ გუშინაც ჩატარდა მსგავსი ღონისძიება და მინისტრს ჰკითხა, გუშინდელის შემდეგ მიმართეს უწყებას, თუ რას უკავშირდება გადადება. პასუხად ტიკარაძემ განაცხადა:
“ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია და არ შეიძლება, ყველაფერი დაბრალდეს ერთ უწყებას. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული.
შრომითი ინსპექცია მუშაობს, როგორც კონცერტებთან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებაში და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს გაკონტროლება და არ განხორციელდეს ისეთი მასიური თავშეყრები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების მაღალწყაროდ იქცეს”.
შეგახსენებთ, შრომითი ინსპექცია მინისტრ ტიკარაძის დაქვემდებარებაშია.
კომენტარები