რამდენიმე კვირის წინ თვალის კლინიკა “ოფთალმედის” წამყვანი ექიმი-ოფთალმოლოგი ლუიზა ცომაია კორონავირუსით გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ექიმის შვილი, თამუნა კვიტაშვილი, წერს:
“3 კოშმარული კვირაა, ათასი სცენარი მიტრიალებს თავში. რა იქნებოდა სხვადასხვა მომენტში კოვიდამდე და კოვიდის დადასტურების შემდეგაც სხვანაირად რომ გვემოქმედა, რით შეიძლებოდა ამ კოშმარის თავიდან აცილება? პასუხი ჯერჯერობით ერთი მაქვს – აცრით და მხოლოდ აცრით! ამის დაწერის არც ნერვი მქონდა და არც დიდი სურვილი, მაგრამ უფრო მათთვის ვწერ, ვინც თავად კონკრეტულად ფაიზერს ელოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „ჩინურს როგორ გავიკეთებ“ მოტივით და ამის მიუხედავად ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ დამისვეს კითხვა – “დედა ექიმი იყო და რატომ არ აიცრაო?” – ყველას ერთად გიპასუხებთ…
მერწმუნეთ კოვიდის სივერაგე პირველივე დღიდან ვფიქრობ ზედმეტადაც დიდი სიმძაფრით ჰქონდა აღქმული, ვისაც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა დედასთან, დამეთანხმება. თავდაცვის მაქსიმალურ ზომებს იღებდა, (დღემდე ვერ გაგვიგია რა მომენტში დაინფიცირდა), ვაქცინას მართლა ციური მანანასავით ელოდა და პირველივე შემოსვლისთანავე – 6 აპრილს დარეგისტრირდა ფაიზერის ვაქცინაციაზე (ასტრაზენეკა სამედიცინო ჩვენებით და ექიმის რეკომენდაციით თავიდანვე გამოირიცხა საკმაოდ რთულად მიმდინარე კოაგულოპათიის გამო), ჰოდა, ბედის ირონიით, პირველად მის ცხოვრებაში ვაქცინაციამდე ხუთი დღით ადრე მოხვდა კლინიკაში სინკოპეს (გულის წასვლა) გამო, საკმაოდ ცნობილი კლინიკიდან მეორე დღეს – “ვაქცინაციის შიშით გამოწვეული პანიკური შიში-ის დიაგნოზით” გამოწერეს და ვაქცინაციის გადადების რეკომენდაციაც მისცეს. საოცრად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ნანატრი ვაქცინის არარსებულ შიშს რომ მიეწერა მისი მდგომარეობა, ვაქცინაციის გაუქმებაც არ სურდა, ამიტომ მაქსიმალურად ფორსირებული რეჟიმით შეუდგა სწორი დიაგნოზის ძიებას, რისთვისაც რეალურად შაბათ-კვირის გამო ორი დღე ჰქონდა დარჩენილი აცრამდე.
სამ სხვადასხვა ნოზოლოგიის ექიმთან ვიზიტი და საბოლოოდ დანიშნული კტ კლევა ორ დღეში ვერ ესწრებოდა, ამიტომ დავიწყეთ რეკვა ცხელი ხაზიდან დაწყებული თუ სადმე გადაგვამისამართეს კიდევ არაერთ სტრუქტურაში რომ სამედიცინო ჩვენებით, მხოლოდ ორიოდ დღით გადაევადებინათ ჩანიშნული ვიზიტი. თავად 50 წლის უწყვეტი სამედიცინო პრაქტიკის, ასაკობრივი რისკ – ჯგუფის მქონე ექიმისთვის. ბოლოს ყველგან რომ უარი მივიღეთ იმდენად მონდომებული იყო, მისი საოცრად მორიდებული ხასიათის მიუხედავად ნაცნობ – მეგობრებშიც სცადა პრობლემის მოგვარება, მაგრამ ამაოდ – პასუხი ყველგან უარყოფითი იყო. მაშინ გულუბრყვილოდ ვფიქრობდი ყველაფერი მართლა სისტემურად , ყოველგვარი გადახვევის გარეშე კეთდებოდა და დამატებით სხვა „უკანონო“ გზების ძიება აღარ მიფიქრია, რასაც ალბათ ვერასდროს ვაპატიებ თავს , მომავალში ბევრი ამაზე უარესი „გადაცდომის“ შესახებ გავიგე და ამის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა სინანულის და პროტესტის გრძნობაც. სწორი დიაგნოზი – საყლაპავის თიაქარი და მისგან გამოწვეული სინკოპე დაისვა ზუსტად აცრის დღეს, ვაქცინაციის არანაირ უკუჩვენებას ეს დიაგნოზი არ წარმოადგენდა, მაგრამ ვაქცინა უკვე აღარ იყო. შემდეგ იყო მორიგი დოზების შემოსვლის გაუთავებელი ლოდინი. მაისის თვეში სონოფარმის გამოჩენისთანავე უფრო „ეფექტური“ ვაქცინის ლოდინი არ დაგვიწყია, მთელი ოჯახი სრულწლოვანი შვილების ჩათვლით ავიცერით, დედაც ჩაწერილი იყო ჩვენთან ერთად.
“ექსპერტების“ რჩევებს და მოსაზრებებს, რომ 60 წელს გადაცილებულთათვის ეს კონკრეტული ვაქცინა არაეფექტურია სამწუხაროდ, იზიარებდა, მაგრამ „ფაიზერის“ ლოდინით დაღლილი უკვე ამაზეც თანახმა იყო, მაგრამ აქაც ბედად ზუსტად რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია ფაიზერის ივნისის დასაწყისში შემოსვლაზე და იმ ფაქტით შეგულიანებულმა რომ არაერთ კოვიდიანთან საკმაოდ ახლო კონტაქტის მიუხედავად (პროფესიიდან გამომდინარე სანტიმეტრების მანძილზე უწევდა პაციენტებთან კონტაქტი), მისი თავდაცვის ზომების გათვალისწინებით არაერთხელ გადარჩენილმა, კიდევ ორიოდ კვირა კვლავ ჯიუტად ფაიზერის ლოდინი გადაწყვიტა, ვერ შევეწინააღმდეგე…
რომელმაც საბოლოოდ მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებში, მისი გარდაცვალების დღეს ჩამოაღწია საქართველოში. ერთ – ერთ ბოლო საუბარში მითხრა, როგორ ვნანობ რომ არ დაგიჯერე და “სინოფარმით” არ ავიცერიო, იმაზეც საოცრად გულნატკენი იყო, რომ ორი დღე ვაქცინაციის გადავადების საშუალება არ მიეცა ქვეყანაში, რომელსაც ბოლო დღემდე მართლა მთელი გულით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით ემსახურა.
ამის მიუხედავად არავის ვადანაშაულებ საკუთარი თავის გარდა, ცოტ- ცოტა ყველაფერი იყო – უიღბლობა, სიჯიუტე, ბიუროკრატია და ბევრი გაუფილტრავი, არასწორი ინფორმაცია, რამაც ერთიანობაში ფატალური შედეგი გამოიღო. ასე რომ გემუდარებით აიცერით რისი საშუალებაც იქნება იმით, ნუ გავიწყდებათ, რომ საქართველო ამერიკა და ისრაელი არ არის, ყველას შეიძლება არ შეხვდეს კონკრეტულად ფაიზერი, რასაც ახერხებს ეს გაუბედურებული ქვეყანა, ისიც გასაკვირია. დაიცავით პირველ რიგში თქვენივე თავი და თუ ფიქრობთ რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ და ვირუსს იოლად დაამარცხებთ, იმათზე მაინც იფიქრეთ, ვინც თქვენი მიზეზით, თქვენდა უნებურად დედაჩემის მსგავსად შეიძლება ამ ვერაგი ვირუსის მსხვერპლად აქციოთ…”
კომენტარები