ანი დვალიშვილი, ალია
მუხტი, რომელიც წინასაარჩევნოდ უნდა იყოს, აშკარად მინელდა. ზაფხულის გარდა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი რაღა თქმა უნდა ფულია – ოპოზიციამ აქტიური მოძრაობა რომ დაიწყოს, შედეგი ნული ექნება, რადგან მოსახლეობა ზაფხულის ხვატს ემალება და არავინ დადგება კანდიდატთან სასაუბროდ. არადა, რეგიონებში გასვლა სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული და ახლა რომ თანხები დაიხარჯოს, სექტემბერ-ოქტომბერში მათი მობილიზება გაჭირდება.
ქვემო ქართლის რეგიონში სერიოზული პრობლემა გიორგი გახარიას აქვს. თანაც, იმდენად სერიოზული, რომ ჯერჯერობით ვერც მარნეულში, ვერც გარდაბანში და ვერც დმანისში მერობის კანდიდატი უბრალოდ ვერ შეარჩია. უფრო მეტიც, ამ მუნიციპალიტეტებში მას ჯერ ოფისებიც არ გაუხსნია, რადგან ადგილობრივებიდან არავინ ჰყავს, ვისაც იქ დასვამს და თბილისიდან ჩასული ხალხს კიდევ ადგილობრივებთან ურთიერთობა გაუჭირდება. არ არის გამორიცხული, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, გახარიას გუნდმა მერობის კანდიდატი საერთოდ არ დააყენოს და ეს საკითხი პარტიის შიგნით აქტიური განხილვის საგანია.
ფინანსებს ზოგავს „ლელოც“ და „პატრიოტთა ალიანსიც“, ლეიბორისტული პარტია კი აქტიურობას არც შემდეგ აპირებს, მიზეზი ამ შემთხვევაშიც მარტივია – მშრომელებს ფული არ აქვთ, „ლელო“ და „პატრიოტები“ კი თავს ინახავენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ოცნებაში“ უკვე ზეიმობენ სოლიდური სხვაობით მოგებას და 43%-ს კი არა, მინიმუმ 63%-ის მიღებას ვფიქრობთო. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის გამოყოფილი 500 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურული პროექტები არ დაწყებულა, ტენდერები 20 აგვისტოდან გამოცხადდება, რადგან სამუშაოები 10-15 სექტემბრიდან გახურდეს, ანუ 2 ოქტომბრისთვის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო ბუღი იდგება და ეს ამომრჩეველზე აუცილებლად იმოქმედებსო, ასე ვარაუდობენ.
ფაქტია, ეს 500 მილიონი პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად იქნა მოძიებული, მაგრამ ისე „ლამაზად“, რომ ვერავინ მიედავება.
კომენტარები