“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“დღეს დიდგორობაა,ქართველთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული.
1121 წლის 12 აგვისტოს საფუძველი ჩაეყარა ერთიან, ძლიერ, განვითარებულ საქართველოს.
ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს გათავისებული “დიდგორის” არსი და უდიდესი მნიშვნელობა.მათთვის დიდგორი არის უცხო მოვლენა და ბუნებრივია რომ ვერც დავით აღმაშენებლის გენიალობის არსს ითავისებენ სათანადოდ.
მიუხედავად “ქართული მარშის” არაერთგზის მოთხოვნისა საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელა სამარცხვინო ტრადიცია და ვერ გაბედა დიდგორობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება.
ყოველივე კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს არსებული ხელისუფლების არაეროვნულობის არსზე. დიახ – საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდგორი აღმოჩნდა უცხო და მიუღებელი, სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა რომ დიდგორობა არ აღინიშნება სახელმწიფოს მიერ.
სამწუხაროდ მიჩნდება იმის განცდა, რომ “განდიდების მანიით” შეპყრობილი ზოგიერთი ლიდერი დიდ დავით აღმაშენებელს ექიშპება, თავი მასზე დიდი გონია და ცდილობს ქართველთა უდიდესი მეფის როლის დაკნინებას. ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში შემხვედრია რამდენიმე დიდი ძალაუფლების და ფულის პატრონი “ძლიერი ამა ქვეყნისა”, რომლებიც იმდენად თავხედობდნენ, რომ დიდ დავით აღმაშენებელს ეტოლებოდნენ, თუმცა ეს დაკომპლექსებული პატარა კაცები იმდენად სასაცილოდ გამოიყურებოდნენ დიდ დავით მეფესთან შედარებით, რომ გაბრაზების ნაცვლად უფრო შეცოდების გრძნობა მეუფლებოდა მათ მიმართ.
სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას გარდა საქართველოს არცერთ მმართველს გააზრებული არ ქონდა დიდი დავით აღმაშენებლის და დიდგორის ჭეშმარიტი მნიშვნელობა-სწორედ ესაა მიზეზი იმისა რომ დიდგორობა არ აღინიშნება სახელმწიფო დღესასწაულად. დიდგორობა არ შეიძლება გახდეს რომელიმე უცხო ქვეყნის ან ერის წინააღმდეგ მიმართული ზეიმი, დიდგორობა ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბების სიმბოლოა და სწორედ ასე უნდა აღინიშნებოდეს ის. ალბათ ოდესმე მოვა ისეთი ხელისუფალი,რომელიც სათანადოდ დააფასებს 1121 წლის 12 აგვისტოს მნიშვნელობას და დიდგორობას ყველაზე დიდ დღესასწაულად გამოაცხადებს.
გილოცავთ დიდგორობას, უფალი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი !!!”
კომენტარები