ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“ხშირად მწერდით, რომ ჩემი პოსტებით და ინტერვიუებით სიმშვიდე მომქონდა თქვენთვის. სამწუხაროდ, ამჯერად ასე ვერ იქნება…
საქართველო, კოვიდ ომის ყველაზე ცხელ ზონაში აღმოჩნდა. ამაში ყველას მიგვიძღვის ჩვენი წვლილი. ჩემი წილი დანაშაულისა ალბათ ის არის, რომ ყოველ დღე უამრავ ინტერვიუზე ვამბობ უარს და სათანადოდ არ ვიყენებ მედია სივრცეს რომ აგიხსნათ, გაგაფრთხილოთ, კითხებზე კიპასუხოთ და ასე დაგეხმაროთ საშიშროების სათანადოდ აღქმაში. მოქალაქეების წვლილი არის იმაში, რომ წარმოუდგენლად გულგრილია უმრავლესობა სხვათა უბედურების, ყოველდღიურად, ათეულობით ადამიანის სიკვდილის, ბავშვების ავადობის და გარდაცვალების მიმართ. საქართველო ისე ცხოვრობს თითქოს კოვიდი არ არსებობს… ქორწილებს, თავყრილობებს, დაბადების დღეებს ისე იხდიან თითქოს ლაფაროში ყველას სიკვდილი არ გვდარაჯობდეს.
უმძიმესია მთავრობის პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, ოდესმე მოუწევთ კანონის წინაშე აგონ პასუხი ყოველ დაკარგულ სიცოცხლეზე. იმ წუთიდან, როგორც კი ვაქცინა კლინიკურ პრაქტიკაში ჩაეშვა, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა ყოველი, არავაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება, ან დაავადების მძიმე შედეგებით დაინვალიდება.
სამწუხაროდ, შეცდომების წაშლა და მათი შედეგების ანულირება შეუძლებელია. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია შეცდომებზე ვისწავლოთ.
გთხოვთ, არ გადავიხადოთ ქორწილები, დაბადების დღეები, თავყრილობები…
გთხოვთ, არ ვიმგზავროთ უკიდურესი აუცილებლობის გარეშე.
გთხოვთ, არ დავესწროთ რელიგიურ თავყრილობებს, სახლებში ვილოცოთ, ქრისტე ჩვენი ქცევებით ვაცოცხლოთ, ქრისტიანობის მთავარი მცნება “გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი”, ინფექციის გავრცელებისთვის ხელის შეშლით აღვასრულოთ ყოველდღიურად.
გთხოვთ, არ ვიაროთ კონცერტებსა თუ სპექტაკლებზე.
მომღერლებო, გთხოვთ, იქნებ დაინდოთ ახალგაზრდები და გადაარჩინოთ სიკვდილს. არ მოიწვიოთ ისინი კონცერტებზე. შეიძლება თვითონ მსუბუქად გადაიტანონ კოვიდი, რომელსაც თქვენს კონცერტებზე აიკიდებენ, მაგრამ ხანდაზმულ მშობლებს და ახლობლებს მიუტანონ სიკვდილი. სულ რამდენიმე კაბით ნაკლები იქნება თქვენს გარდერობში, (რასაც ალბათ კონცერტებიდან შემოსული თანხით იყიდიდით) სანაცვლოდ უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენთ.
გთხოვთ, ერთი ზაფხული, არ დავისვენოთ იქ სადაც ტურისტების დიდი ნაკადია.
გთხოვთ, სულ რამდენიმე თვე, მეზობლებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს დისტანციით ვეურთიერთოთ.
გთხოვთ, ვატაროთ პირბადე ყველგან, სადაც შეიძლება სიახლოვეს სხვა ადამიანი აღმოჩნდეს.
გემუდარებით, არ გავავრცელოთ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული ბოდვები კოვიდთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მკვლელობაში მონაწილეობთ, ბევრი უნებლიეთ, ბევრი კი გასამრჯელოს იღებთ ამაში (ტროლ-ბოტების კანტორა).
და რაც მთავარია, ავიცრათ. სასწრაფოდ ავიცრათ ყველანი! ავიცრათ იმ ვაქცინით რომელიც დღესვე ხელმისაწვდომია თქვენთვის. აცრილიც შეიძლება ინფიცირდეთ, მაგრამ სიკვდილის ალბათობა მინიმუმამდე მცირდება. ასეულობით მილიონ ვაქცინირებულზე დაკვირვებით მიღებული მონაცემები მყარად ამბობენ, აცრილები თითქმის არ კვდებიან!!! გარდაცვალების ერთეული შემთხვევები აცრილებშიც არის, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ შემთხვევების აბსოლიტური უმრავლესობა უკიდურესად მძიმე ავადმყოფები არიან, სხვა თანდართული პათოლოგიების გამო. ვაქცინაცია, დღეს არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასასრულებლად.
ძალიან ბევრია ყოველდღიურად 50 გარდაცვლილი პატარა საქართველოსთვის. ვინც ფიქრობთ რომ ეს ცოტაა, დათანხმდებოდით იმ (ცოტა) 50 გარდაცვლილში ერთ-ერთი თქვენ იყოთ?..
ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის შიდა პრობლემებში და სამწუხაროდ ეს ციფრი უახლოეს დღეებში მხოლოდ გაიზრდება.
ახლა ის დროა, ყველა ეკლესიაში ვაქცინაციის პუნქტი ფუნქციონირებდეს. მოძღვარიც და მრევლიც კარდაკარ დადიოდეს და მოქალაქეებს უსაფრთხოდ ვაქცინაციაში ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდეს.
ახლა ის დროა, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქტივობები მთლიანად პანდემიის დასრულებისკენ მიმართულ გეგმაზე იყოს აგებული.
ავიცრათ, დავიცვათ პრევენციის წესები და გადავარჩინოთ ერთმანეთი.
P. S. აქვე გიხდით ბოდიშს, უახლოესი ორი კვირა ვერც ერთ პირად წერილს ვერ გავცემ პასუხს. ძალიან რთული დღეები მაქვს მე თვითონ და ვერ ვახერხებ სოციალურ ქსელში შემოხედვას. როგორც კი ეს პერიოდი დასრულდება აუცილებლად აქტიურად ჩავერთვები იმ ადამიანების დახმარებაში ვისაც პანდემია ყოველდღიურად აზარალებს. მაპატიეთ…”
კომენტარები