რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 50 წლით აუკრძალა რუსეთში შესვლა ბელარუსში, მოლდოვასა და პაკისტანში აზერბაიჯანის ყოფილ ელჩს, ისფანდიარ ვაჰაბზადეს, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში „ბებერი ვირი“ და „აყროლებული ღორი“ უწოდა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, ვლადიმირ ჟირინოვსკის.
„შენ ყარხარ როგორც ღორი და ყარს შენი ერიც. თქვენი სიმყრალე უკვე მთელ მსოფლიოს მოედო, სუნთქვა შეუძლებელია“, – ასე მიმართა აზერბაიჯანის ყოფილმა ელჩმა ჟირინოვსკის, რომელმაც თავის დროზე შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელ ხალხს და მათ ცხვრები უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „ერთაშორის შუღლის გაღვივებისთვის“ ისფანდიარ ვაჰაბზადეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 50 წლით აეკრძალა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარი თქვეს ვაჰაბზადეს სიტყვების კომენტარზე, რაც იმით ახსნეს, რომ ის თანმდებობიდან 2016 წელს გაათავისუფლეს მუშაობაში დაშვებული ხარვეზების გამო.
აზერბაიჯანის ყოფილ ელჩთან ერთად რუსეთში 50 წლით აეკრძალა შესვლა ყაზახ ბლოგერს, კიატ ახმეტოვს ვიდეორგოლის გამოქვეყნებისთვის, რომელზეც ყაზახეთის ერთ-ერთ მაღაზიაში ხალხი გამყიდველისგან მათთან ყაზახურ ენაზე ლაპარაკს ითხოვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უცხოელები, რომლებიც რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ „დესტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდებენ“, არ დაიშვებიან ქვეყნის ტერიტორიაზე, რადგან „მათი ყოფნა რუსეთში შესაძლოა საფრთხეს უქადდეს საზოგადოებრივ წესრიგს“.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები