“როგორც მოსალოდნელი იყო, მუნიციპალურ არჩევნებში „ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამისა და კანდიდატების მთავარი რეპრეზენტატორია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი; გამონაკლისია თბილისი, სადაც სამომავლო მუნიციპალური პოლიტიკის პარტიულ პროგრამასაც და საკრებულოს წევრთა პარტიულ კანდიდატებსაც – თბილისის მოქმედი მერი და უალტერნატივო კანდიდატი, თუმცა ასევე – ეროვნული მასშტაბის „მძიმეწონოსანი“პოლიტიკური ლიდერი, წარადგენს;” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველაზე მძლავრ, მმართველ პარტიასაც კი, ჯერჯერობით არ ჰყოფნის რესური, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების თვითგამოხატვისა, რადგან საარჩევნო კამპანიის გახსნისას ისინი- პრემიერმა უნდა წარუდგინოს ხალხს.
იმედია, ოდესმე მაინც მოვესწრებით, რომ ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები უფრო იქნებიან მუნიციპალური პოლიტიკის რეპრეზენტატორები ადგილობრივ არჩევნებში, ვიდრე ქვეყნის პრემიერ მინისტრი; ანუ – მუნიციპალურ არჩევნებს უფრო მეტად ადგილობრივი და არა საერთო-ეროვნული კონტექსტი ექნება, რაც დღესაც არის უკვე მიღებული „დეცენტრალიზაციის სტრატეგიის“ მთავარი მიზანი.
მეორეს მხრივ – ადგილობრივი არჩევნების უდიდესი და გამოუსწორებელი ნაკლია, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია ფაქტიურად ყოველგვარი ოპონირების გარეშე მიმდინარეობს: ოპოზიციას მუნიციპალური პოლიტიკის არც რეპრეზენტატორები ჰყავს და უარესიც: ასეთი პოლიტიკის რაიმე ალტერნატიული ხედვაც კი არ გააჩნია; მათი მუნიციპალური პოლიტიკის პროგრამებზე არაფერი გვსმენია და არც ადგილობრივი ლიდერები, ვინც რაიმე მსგავს ალტერნატივას “სექუნდ ჰენდის” ვარიანტში მაინც გამოხატავს და ხალხისთვის წარადგენს, ჯერჯერობით მაინც, თვალითაც არ გვინახავს! მათი ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია, თუკი რასაც ვხედავთ, ასეთად საერთოდაც შეიძლება იწოდებოდეს, ამჯერადაც ჩვეულ რევოლუციურ დემაგოგია-რიტორიკას არ გასცილებია;
ანუ – იგივე გაცვეთილ „პლასტინკას“ ხრინწიანად ატრიალებენ, რაც ბოლოსა და ბოლოს მათ გრამაფონსაც გაჭედავს! სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს – მთლიანად ამ ე.წ. ოპოზიციის მთავარი რეპრეზენტატორი ისევ უკარაინაში ჯმნული სოციოპატია, ხოლო დანარჩენები, რაც სამ ტელევიზიად რეკონსტრუირებულ ამ გვარიანად მოშლილ, რევოლუციის მეხოტბე უძველს გრამაფონში ისმის, ოდენ – გაცვეთილი “პლასტინკის” ხარვეზიანი ექო და უარესიც – ხრინწია.
ანუ – ეს ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკსები ამ თავიანთი მთავარი რეპრეზენტატორის, კიდევ უფრო უვარგისი ინტერპრეტატორები, არიან! რა კონკურენტულ არჩევნებზე შეიძლება აქ ლაპარაკი?!” – წერს ზარდიაშვილი.
კომენტარები