უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო.
„დღევანდელი საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე კაცი ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უშლიდა ხელს და მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს“, – აცხადებენ კიევის პოლიციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული საპროტესტო აქცია რადიკალური მოძრაობა „ნაციონალური კორპუსის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა. არეულობების შედეგად 7 პოლიციელი დაშავდა.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი. მისი განცხადებით, მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, თუმცა არცერთი ძალადობრივი ქმედება როგორც მშვიდობიანი შეკრების სხვა მონაწილეთა მიმართ, ისე პოლიციელთა მიმართ დაუსჯელი არ დარჩება.
კომენტარები