პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“მგონი, ოპოზიციას არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამარცხება არ სურს, თორემ უკეთ მოემზადებოდა! ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მათი ორგანიზების ხარისხი, ძალიან უღიმღამოდ ცდილობენ პირველი ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმას.
რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილოთ ყურადღება:
ადგილობრივი არჩევნები სპეციფიკური შინაარსის კენჭისყრაა. თვითმმართველობა ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი სახელისუფლებო რგოლია. მოქალაქეები მერებისგან, საკრებულოებისგან ყველაზე ყოფითი პრობლემების მოგვარებას მოელიან. ოპოზიცია მხოლოდ 43%-ზე, “ქართული ოცნების” მოცილებაზე საუბრობს, ჯერჯერობით არც ერთი სერიოზული ინიციატივა არ წარუდგენიათ მუნიციპალური სირთულეებისა და გამოწვევების თაობაზე. წყლის, გზის, ტრანსპორტის, საბავშვო ბაღების, სოცუზრუნველყოფისა და ქალაგდაგეგმარების საკითხების გარეშე, 43%-ის შესახებ გაუთავებელი წუწუნით ვერ მოიგებ ადგილობრივ კენჭისყრას.
შერჩეულია არაადეკვატური კანდიდატები.
თავად ოპოზიციის მხარდამჭერებსაც გულის სიღრმეში ვერ წარმოუდგენიათ ბუნტისთავი მელია მილიონიანი ქალაქის მერად და მისი სამეურნეო პრობლემების მთავარ მომგვარებლად.
ვერ ამიხსნია, რატომ ჰგონიათ ვიღაცებს, რომ ელენე ხოშტარია თბილისელებს მოსწონთ. მგონი, მეხუთედ ერთვება თბილისისთვის ბრძოლაში და მეხუთედაც დამარცხდება. გაყინული ქათმის ბარკლებივით უგრძნობ, ნულოვანი ქარიზმის, უსუსტეს კანდიდატებთან მარცხდება ხოლმე. თან ისიც ხულიგნის ტიპაჟია, რომელიც პოლიციელს თავის გახეთქვით ემუქრება. მისი წარმოდგენაც რთულია საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელში.
ხალხის დაცინვაა გამოცდილების არმქონე, ინტელექტის არმქონე, თუთიყუშივით მოლაპარაკე თინეიჯერის წარდგენა ვიცე-მერის პოსტზე.
ტექნიკურადაც დამაბნევლად არის დაგეგმილი კამპანია.
მელია 5 ნომრის შემოხაზვისკენ მოგიწოდებთ, ხოშტარია 32-ის. ორივე ერთად გვთხოვთ დიდუბეში ორიანი მოაქციოთ გაურღვეველ წრეში, სამგორში 21 და ნაძალადევში 10 (პირობითად). პარტიულ ბიულეტენში კი, რაც გინდათ ის ქენით, ოღონდ ოპოზიციას მიეცით ხმაო…
ამ აბდაუბდის ახსნა არ გინდა ადამიანებისთვის? სად არის როიალი? სად არის ვიოლინო?
სრული კატასტროფა ხდება რეგიონებში, არანაირი ხმა არ ისმის საქართველოს მხარეებიდან, მხოლოდ ლოკალური ლიდერების იმედად უნდა იყვნენ რაიონულ ცენტრებში? ვინმე მკვეთრი ფიგურა წარადგინეს რომელიმე პროვინციულ ქალაქში? არჩევნები მხოლოდ თბილისში არ ტარდება, ხმას დღნორისაშიც აძლევენ და ჩუმლაყშიც.
“მიშისტური” ოპოზიცია სასტიკად დაქსაქსულია. მიშისტებს, ნახევრად მიშისტებს, ჯერ კიდევ მიშისტებს, ყოფილ მიშისტებს, მომიშისტოებს, მიუმხრობლობის მოძრაობის წევრებს თავ-თავიანთი კანდიდატები ეყოლებათ. რაც კიდევ უფრო ართულებს ზოგიერთი მოქალაქის არჩევანს, რადგან ამ ჯგუფებს შორის წყალგამყოფების აღმოჩენა ძნელია.
ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ კვლავ ტემპერატურის აწევაზე იქნებიან ორიენტირებულნი.”
კომენტარები