ისრაელში, „ბეილინსონის“ საავადმყოფოში, პირველად ჩატარდა ოპერაცია, რომლის მსგავსიც მსოფლიოში სულ რამდენჯერმეა ჩატარებული. ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და კვლავ ადგილზე დააბრუნეს.
ოპერაციის დროს პაციენტი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატზე იყო მიერთებული. აღნიშნული მეთოდი ორგანოს გადანერგვის და ქიმიო და რადიო თერაპიის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
40 წლის პაციენტს სიმსივნე ჰქონდა, რომელმაც მარცხენა ფილტვის მთავარი ბრონქი დაბლოკა. თავდაპირველად ექიმებს დაზიანებული ფილტვის ამოჭრა უნდოდათ, თუმცა ეს პაციენტს საფრთხში ჩააყენებდა, ვიდრე დონორის ფილტვი არ შეირჩეოდა. „ფილტვი რომ ამოგვეჭრა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შევუქმნიდით“, – განაცხადა იური პეისახოვიჩმა, გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა.
ექიმებმა გადაწყვიტეს ორგანიზმიდან ფილტვი ამოეღოთ და სიმსივნე მოეშორებინათ. მსოფლიოს მასშტაბით ამგვარი პროცედურა სულ რამდენჯერმე განხორციელდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩარევაა სამედიცინო სფეროში. ოპერაციის დროს პაციენტის სუნთქვა უზრუნველყოფილი იყო მარჯვენა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საშუალებით. ამოღებული ფილტვი სიმსივნისგან გაწმინდეს და ჰაერით გაბერეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შენარჩუნებული ნაწილი ფუნქციონალურია.
„გაბერვის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ზედა წილი დაზიანებული არაა და გადავწყვიტეთ მისი ორგანიზმში დაბრუნება“, – აღნიშნა პეისახოვიჩმა. ფილტვების ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებადი მეთოდის საშუალებით გაწმენდილი ფილტვი ძარღვებსა და ბრონქებს მიუერთეს, რის შემდეგაც გულმკერდის კვეთა ამოკერეს. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული.
წყარო: ,,იმედინიუსი”
კომენტარები