ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ ფასი უკვე სტაბილურია და კლინიკებს მისი შეძენა შეუძლიათ. საუბარია იმუნოდეპრესიულ საშუალებაზე, რომელიც COVID-19-ის მწვავე ფორმების მკურნალობისთვის გამოიყენება.
ეკატერინე ტიკარაძე
„”ტოცილიზუმაბთან” დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა და ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებით. კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ ეს პრეპარატი არაგაზრდილი ფასით შეიძინონ, რაც არაერთხელ დაფიქსირდა, როგორც პრობლემა. ასევე დაფიქსირდა პრობლემა, რომ კლინიკები ავალებდნენ პაციენტის პატრონებს პრეპარატის შეძენას, ეს ყოვლად მიუღებელია. კლინიკების ვალდებულებაა, ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხო გამოსავალს ემსახურება. დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის, პრეპარატის შემოტანა გრძელდება. ზოგიერთმა კლინიკამ გარკვეული მარაგი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის მას არ ესაჭიროებოდა. ჩვენ შევეცდებით ამ პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა და მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება“
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია პრეპარატ “ტოცილიზუმაბის” დეფიციტთან დაკავშირებით.
ამ პრეპარატის შეძენას რომ ავალებენ პაციენტის ახლობლებს კლინიკები, ამაზე, ჯერ კიდევ 24 ივლისს წერდა ბიძინა კულუმბეგოვი და მისივე ინფორმაციით, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, პრეპარატის საჭირო დოზა 5 000 ლარი ღირდა.
მინისტრმა მხოლოდ დღეს “დაგმო” პაციენტებისთვის ძვირადღირებული პრეპარატების ყიდვის დავალებულების ფაქტი კლინიკების მიერ. რამდენი პაციენტის ოჯახმა ვერ იშოვა ეს წამალი და რამდენი პაციენტის ოჯახს არ ჰქონდა ფული, ამ წამლის შესაძენად, ამაზე მინისტრს არ უსაუბრია. ისევე, როგორც, არ უთქვამს, სჭირდებოდა, თუ არა, გარდაცვლილი პაციენტთა ნაწილს, თუნდაც, ეს მედიკამენტი და მიიღეს, თუ არა? ყველა პაციენტმა მიიღო ყველა ის მედიკამენტი, რაც საჭირო იყო?
კომენტარები