პოლიტოლოგი, გია ჯაფარიძე, “მეტრონომთან” ამბობს:
„წელიწადნახევრის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თალიბებთან გააფორმა შეთანხმება ჯარის გამოყვანის შესახებ. 2021 წლის მაისში ნატოს ჯარებს უნდა დაეტოვებინათ ავღანეთის ტერიტორია. პრეზიდენტი ბაიდენი რომ აირჩიეს, მას ეს შეთანხმება დახვდა. მან მოახერხა ის, რომ რამდენიმე თვით გადმოეწია ჯარების გამოყვანა. როგორც ჩანს, ეს ან იყო დაზვერვის შეცდომა, ან დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ შეფასება არ მოხდა სწორი. ის მოლოდინი, რომ ქაბული 1 ან 3 თვე კიდევ გაძლებდა, არ გამართლდა. თალიბანის მხრიდან იმაზე სწრაფად მოხდა ავღანეთის მთელი ტერიტორიის დაკავება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მშვიდი, დროში გაწელილი და შეთანხმებული გასვლა ვერ მოხდა. მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ვაშინგტონში და ევროპის დედაქალაქებში ფიქრობდნენ.
მე ვიზიარებ კონგრესმენ ჯასტინ ამაშის აზრს, რომ 15 წლის წინ გამოვიდოდნენ თუ 15 წლის შემდეგ, შედეგი ერთი და იგივე იქნებოდა. თვითონ ავღანელმა ხალხმა არ ისურვა, რომ სახელმწიფო შეექმნა. რამდენი ხანი უნდა ყოფილიყვნენ იქ ამერიკელები და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები? კიდევ რამდენი ფული უნდა ჩაყრილიყო, რამდენი პოლიტიკური, დიპლომატიური და ადამიანური რესურსი უნდა დახარჯულიყო? როგორც ჩანს, აშშ-ში ორივე პარტიის პოლიტიკურ ელიტებში ამ საკითხზე არსებობს აზრთა თანხვედრა, რომ ეს მეტი ხნით ვეღარ გაგრძელდებოდა“
კომენტარები