ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გოგიჩაიშვილის მამის განცხადებით, მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია.
„არანაირი განმარტება ჩვენთვის არ მოუციათ. რა ხდება, ჯერ არ ვიცით. ბორჯომში დაუკავებიათ ქრთამის აღებისთვის. ვისგან და რისთვის, არაფერი ვიცით“, – აცხადებს ბრალდებულის მამა დავით გოგიჩაიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.
კომენტარები