თამო კეშელავა, ალია
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ისრაელში ვირუსმა ისევ იფეთქა. ინფიცირებულთა რიცხვი რომ იზრდება ისრაელში, ეს ყოველდღიური სტატისტიკიდანაც ჩანს. რა ხდება ამჟამად ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უკვე 65 პროცენტია აცრილი სრულად და მესამე, ბუსტერ დოზის გაკეთება დაიწყეს? როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რა შეზღუდვებია დაწესებული?
„ალიას“ ესაუბრება ქართველი ებრაელი ექიმი, ანა კოლ-შიმშილაშვილი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს და არის სამედიცინო ცენტრის „ტოპ ეხილოვის“ დირექტორი.
ანა კოლ-შიმშილაშვილი:
– ისრაელში დღეისათვის ვაქცინის ორივე დოზით აცრილია – 5 841 109 ადამიანი, რაც მთელი მოსახლეობის 65%-ია მხოლოდ! კვირა დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დაინფიცირდა – 4176 ადამიანი. საავადმყოფოებში მოთავსებულია – 922 ადამიანი, აქედან მძიმეა 525 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძალიან მძიმეა 122 ადამიანის მდგომარეობა და ხელოვნურ სუნთქვაზეა 91 ადამიანი. ისრაელში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ანუ, მთელ ამ პერიოდში სულ გარდაიცვალა კოვიდ19-ით 6668 ადამიანი.
ისრაელში მოსახლეობის 65 პროცენტია ორი დოზით აცრილი, აქ აცრა არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის არაფერს აძალებს, თუმცა, რასაკვირველია, მოწოდება აცრისკენ არის. რაც შეეხება ინფორმაციულობას, რამდენად არის ხალხი ინფორმირებული ამ ვირუსზე, ცოტა მეცინება კიდეც ამაზე რომ საუბრობენ, არავინაა სრულად ინფორმირებული, ჩვენ ყველანი, მოსახლეობა, მკვლევარები, ექიმები ერთად ვსწავლობთ ამ ვირუსს. წელიწადნახევრის წინ, სწორედ შენთან, „ალიასთვის” მოცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ვართ უხანის ლაბორატორიის საცდელი კურდღლები.
ისრაელი ღიად საუბრობს ამ თემაზე, არავინ გეუბნება აქ, მოდი, აიცერი… არავინ გატყუებს, ასეთი რამ აქ არ ხდება, არ გეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით და მაგრები ვართ! – არა, გახსნილად საუბრობენ ექიმები ტელევიზიებში და ამბობენ, ჩვენ არ ვიცით, ეს არის, თუ არა საუკეთესო გზა, მაგრამ ვაქცინაცია არის ერთადერთი, რაც გვაქვს! მეტი არაფერი გვაქვს ვირუსის შესაჩერებლად! ფაქტია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყო მასიური ვაქცინაცია და ჩაკეტილი იყო მაშინ ქვეყანა, შემცირდა ინფიცირების რიცხვი, თუმცა, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, როცა ქვეყანა გაიხსნა. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, ქვეყნის გახსნის შემდეგ, შემოვიდნენ ტურისტები, გავიდა ქვეყნიდან ადგილობრივი მოსახლეობა და ისევ დაბრუნდა, არ დაგვავიწყდეს რომ აცრილია მოსახლეობის 65 პროცენტი და შესაბამისად, აუცრელია 35 პროცენტი. საგულისხმოა, ასევე ბავშვები, რომლებიც ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებლები არიან ვირუსის. ისრაელში ბავშვებს არ ცრიან, არც ავალდებულებენ, ახლა დაიწყეს „თინეიჯერებმა“ აცრა, რასაკვირველია, ვის მშობელსაც უნდა. გარდა ამისა, ვაქცინირებულებს ვირუსისგან 100 პროცენტით არ იცავს ვაქცინა, როგორც ვნახეთ, უმეტესობას ემართება უსიმპტომოდ, ან სუსტი სიმპტომით, ძლიერ გართულებებს არ იწვევს მათში კოვიდი, მაგრამ ისინიც ჩვეულებრივი გადამტანები არიან ამ ვირუსის. ვაქცინირებული იცავს საკუთარ თავს და არა სხვებს, თუმცა, ვაქცინირებულებში ინფიცირებულთა რიცხვი მცირეა და შესაბამისად, ასევე მცირეა მათგან ვირუსის გავრცელებაც. ძირითადად, ორჯერ ვაქცინირებულთა ლეტალური შემთხვევები ისრაელში არ ფიქსირდება. მძიმე და კრიტიკული შემთხვევები, ვგულისხმობ ჰოსპიტალებში მყოფ, ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე მყოფ პაციენტებს, არის არავაქცინირებულ პაციენტებში. ისრაელში შეზღუდვები თითქმის არ არის, რადგან არ სურთ ეკონომიკის გაჩერება. ერთადერთი, რასაც ითხოვენ, ეს არის დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. ღია სივრცეში ყველა დადის პირბადის გარეშე, ჩვეულებრივ ცხოვრობენ, ღიაა რესტორნები, იხდიან ქორწილებს, დაბადების დღეებს. თელავივში რომ გაივლი ქუჩაში, გამოთქმა რომ არის, თევზებივით ჩაწყობილიო, ასეა ზუსტად ჩაწყობილი კაფეები და ყველა სავსეა ხალხით.
ისრაელში დაიწყო მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა ხალხის, ესეც ნებაყოფლობითია, რასაკვირველია. აქამდე მესამე დოზით ცრიდნენ მხოლოდ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს, პარასკევს დილით გამოაცხადეს, რომ დაიწყო 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების, ფაიზერის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა და მე იმავე დღესვე გავიქეცი და გავიკეთე მესამე აცრა. რომ ვთქვა, რომ ვინმე მაძალებს, ტყუილი იქნება, არავინ მაძალებს, მაგრამ მე არ ვარ სხვებივით 2-3 თვის წინ აცრილი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ავიცერი, დეკემბერში გავიკეთე პირველი დოზა, მეორე დოზა იანვარში, 3 კვირის შემდეგ პირველი დოზიდან და ორი დოზით ვაქცინირებიდან უკვე 8 თვე იყო გასული.
ორი ინფორმაცია მაქვს, სამწუხარო და სასიხარულო. დღეს დილით კიდევ ერთხელ გამოაცხადეს, რომ არა აქვს ვაქცინას, ხანგრძლივი მოქმედების დრო. 6 თვის შემდეგ, უკვე ცდილობენ დამატებითი დოზა მიაწოდონ, რადგან ეშინიათ. სასიხარულოა ის, რომ ისრაელი სერიოზულად მუშაობს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო პრეპარატზე, რომელიც ძალიან შედეგიანია, უკვე საბერძნეთმაც გამოსცადა ეს წამალი. ისრაელის მისწრაფებაა, რომ არსებობდეს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი, თუმცა, წამალი, ალბათ, ვაქცინას არ შეცვლის. ამასობაში, ვაქცინაც მეტად დაიხვეწება და როგორც უკვე გვაქვს, კარგად გამოკვლეული, ქმედითი გრიპის ვაქცინა, კოვიდვაქცინაც ასევე, მერე მეტად მორგებული იქნება ამ ვირუსს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვიცი, რომ საქართველოში, ადამიანები იცრებიან ჩინური ვაქცინებითაც და მინდა გითხრათ, ისრაელი იღებს ამ ჩინური ვაქცინებით აცრილ ადამიანებს. ჩემი მეგობარია ჩამოსული ისრაელში, სადოქტოროზე მუშაობს თელ-ავივის უნივერსიტეტში, თბილისიდან ჩამოვიდა, აცრილი იყო ჩინური ვაქცინით, ჩვეულებრივ ჩამოვიდა ისრაელში, მიიღეს, ჩასვეს კარანტინში, გაუკეთეს ანალიზი, შეამოწმეს ანტისხეულების რაოდენობა და მისცეს ცნობა, რომ არის ვაქცინირებული და აქვს ანტისხეულები.
კომენტარები