ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– პანდემიის მხრივ, კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში და ამას არც ხელისუფლება მალავს, თუმცა, პასუხისმგებლობას ხალხს აკისრებს, საკუთარ თავზე არაფერს იღებენ. თავიანთი უთავბოლობით მიიყვანეს აქამდე საქმე – დროც ჰქონდათ, ფულიც ჰქონდათ, კადრებიც ჰყავთ, უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებაც თვალწინ ჰქონდათ, მაგრამ პანდემიის მართვას თავი მაინც ვერ მოაბეს. ფაქტია, ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშალა და იქამდე მიიყვანეს საქმე, საველე ჰოსპიტალების გახსნა დაიწყეს.
– პრინციპში, აქაც კარგად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფრის ხედვა არ გააჩნია, არაფრის. მათ არ შეუძლიათ, რომ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი იყვნენ. არადა, ეს არის მთავარი ყველა ხელისუფლებისთვის, უპირველესად, ამას სთხოვს ხალხი ყველა ხელისუფლებას. ყოველი ავადმყოფობა, ყოველი ახალი ტალღა ჩვენს ქვეყანაში საგანგაშოა, რადგან ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელი ხვდება. ვერანაირი გამოცდილება ვერ შეიძინეს ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. მარტო ეს უაზრო ჩაკეტვები, შეზღუდვები, ადამიანებისთვის ცხოვრების გართულება… აი, ეს არის ამათი „გამოცდილება“, საკუთარი ხალხის წვალება – სხვა ვერაფერი ისწავლეს ვერც საკუთარი, ვერც სხვისი შეცდომებისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ ვაქცინის შემოტანა საკუთარ დამსახურებად აღიარა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამით, პირდაპირ დაადანაშაულა მისი გუნდის წევრები, რომ ისინი მიზანმიმართულად ხელს უწყობდნენ ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის წარმოქმნას. ვაქცინა არ შემოჰქონდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმ ფულს იპარავდნენ, რომელიც გამოყოფილი იყო ხალხის ჯანმრთელობისთვის, ამ პანდემიასთან საბრძოლველად. ადამიანები მეტ–ნაკლებად დაცულნი რომ ყოფილიყვნენ, გამოკეტილები ჰყავდათ სახლებში. იმის ნაცვლად, რომ რაიმე ქმედითი გაეკეთებინათ, ფიქრობდნენ იმაზე, ფული როგორ მოეპარათ და ხალხი გამოეკეტათ, ასე დაეცვათ ქვეყანა. სახლში გამოკეტილი ადამიანები ღატაკდებიან, ნევროზი ემართებათ და თუ უკვე აქვთ, უმძაფრდებათ, იმუნიტეტი უქვეითდებათ და უფრო ადვილად ერევათ ეს ვირუსი, ამათთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით. უნდა მოხდეს ხელისუფლებიც ცვლილება, რომ ჩვენ დავინახოთ, ამათ კიდევ რა დანაშაულებები ჩაიდინეს პანდემიასთან ბრძოლის სახელით.
– გასაგებია, რომ ესენი საკუთარი კლანის წევრებს არ დასჯიან. რამდენიმე კაცი მაინც მოხსნან ჯანდაცვის სისტემიდან თანამდებობიდან, ვისაც ამ პამდემიის მართვა ევალებოდათ და თავი ვერ გაართვა? ეს მაინც გააკეთონ?
– ეს ხალხი მიზანმიმართულად ანგრევდა ჯანდაცვის სისტემას, ეს წლები გრძელდებოდა და სისტემის ნგრევით, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, უზარმაზარი ფული იშოვნეს, ახლა, პანდემიის დროს, თავიანთ ქონებას კიდევ დაუმატეს მილიონები. ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ დანაშაულია და ირაკლი ღარიბაშვილი ახლა ცდილობს ამ ხალხისგან დისტანცირებას. ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი. რეალურად, სიღრმისეულად რომ დაიწყოს ამ ყველაფრის ქექვა, მივა იქამდე, სადამდეც არ აწყობთ რომ მივიდეს. მაღალ დონეზე წყდება ეს ყველაფერი, ამდენ მილიონს არ მოაპარინებენ პრემიერ–მინისტრის დონეზე, ეს უფრო მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი.
– ბიძინა ივანიშვილის დონეზე?
– ბიძინა ივანიშვილისა და მისი ვიწრო გარემოცვის დონეზე წყდება ასეთი საკითხები, რომლებიც აკონტროლებენ ყველაფერს, ყველა სფეროს და მათ შორის, სამედიცინოსაც, თავისთავად. ამ ხალხს პრემიერ–მინისტრი ვერ დაუპირისპირდება, ეს ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებასა და „ქართული ოცნების“ პირობებში, პოლიტიკური მისი კარიერის დასასრულს ნიშნავს. როდესაც პრემიერი ასეთ განცხადებას აკეთებს, ემიჯნება და უპირისპირდება იმ ხალხს, ვინც ვაქცინის შემოტანაზე, პანდემიის მართვაზე იყო პასუხისმგებელი, წესით, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების დაჭერა, თანამდებობიდან მოხსნა, მაგრამ ასე არ მოხდება. ეს იყო პიარისთვის გაკეთებული განცხადება.
კომენტარები