ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ინფორმაცია მაქვს, რომ არჩევნების მერე ირაკლი ღარიბაშვილს გაუშვებენ და თეა წულუკიანი გახდება პრემიერი, რომელიც 2012 წლიდან მინისტრთა კაბინეტის წევრია. თუ ასე მოხდა, შეინარჩუნებენ ვითომ ამ პატრიოტულ რიტორიკას, ხალხის დასანახად უფრო გაძლიერდება „ნაცებსა“ და მათ მიმდევრებზე ზეწოლა, მათთან ბრძოლა. რამდენად შესაძლებელია, ასე მოხდეს?
– რიტორიკა კი არა, ყველა მიმართულებით საკუთარ მოსახლეობას უპირისპირდებიან, საკუთარ ხალხს ექცევიან როგორც ხელის შემშლელ ძალად. ცდილობენ, რაც შეიძლება შეამცირონ მოსახლეობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააქციონ ქვეყნიდან და გაუსაძლისი გახადონ ამ ქვეყანაში ცხოვრება, გაუსაძლისი გახადონ ქართველობა. აი, ამას ნერგავს „ქართული ოცნება“ და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი გამოწვევები იქნება და არ მგონია, რომ შემდეგი პრემიერ–მინისტრი „ქართული ოცნებიდან“ იყოს, არც თეა წულუკიანი და არც სხვა.
– დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ წააგებს?
– „ქართულ ოცნებას“ ხალხის აღარანაირი ნდობა აღარ გააჩნია. მათი ბოდვა, რომ შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლა, მათ გარანტიებს აძლევს, ბოდვაა, მეტი არაფერი. ხელისუფლებაში ყოფნის გარანტია ქვეყნის სამართლიანი და ღირსეული მართვაა, რომელსაც არ ანხორციელებს „ქართული ოცნება“ და ხალხს აღარ უნდა მათი ხსენებაც კი. ქვეყნის მართვაც კი არ შეიძლება ეწოდოს, რასაც ისინი აკეთებენ. მათ მიერ ქვეყნის ძარცვას ეწირება ქართველი ხალხი. ასეთ პირობებში ვადამდელი არჩევნების გარდა, ამათი მშვიდობიანად წასასვლელად, სხვა გზა აღარ დარჩა.
– კი, ბატონო, მაგრამ ესენი წასვლას არ აპირებენ. „ქართული ოცნების“ პარტიული კვლევების შედეგები გამოქვეყნდა და მას გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს, როგორც თავად აცხადებენ.
– წინა არჩევნები გაიხსენეთ. 63–64%–ს იწერდნენ არჩევნების წინ და პროპორციულ არჩევნებში 48% აიღეს, მეტი არა. ამ 48% უნდა გამოვაკლოთ 15%, ამდენი ცდომილება მუდამ არის მათ პარტიულ კვლევებსა და რეალურ შედეგებს შორის. ჩამოვალთ 33%–ზე და ეს გახლავთ რეალური რეიტინგი „ქართული ოცნებისა“. 43%–ის ქვემოთ თუ თუ ჩამოვიდნენ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ არალეგიტიმური ხელისუფლება იქნება, რაც არ უნდა იძახონ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება მოახდინეს. არალეგიტიმური ხელისუფლების მოთმენა, ასეთ მძიმე და უპერსპექტივო პირობებში, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. ეს კვლევები საკუთარი უმსგავსობის დაფარვას ემსახურება. ხალხს ატყუებენ, რომ 43%–ზე მეტი აქვთ მხარდაჭერა. ასევე, საკუთარი გუნდის წევრებიც რომ არ გაექცნენ, მათ მოსატყუებლად დაიწერეს ეს 46%. არადა, „ქართული ოცნების“ გუნდის დაშლაც შეუქცევადი პროცესია და ის უკვე დაწყებულია. ვადამდელი არჩევნები კარს არის მომდგარი და ეს ისეთი რეალობაა, როგორც ის, რომ გაისად 2022 წელი დადგება.
– ამ კვლევების გამოქვეყნება იმაზეც მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ უბრძოლველად, უომრად წასვლას არ აპირებს, დაიწერს 43%–ს და მეტს და ამას მოჰყვება პროტესტი, ხალხი გარეთ გამოვა. შესაძლოა, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს?
– ბრძოლა და ომი შეიძლება გქონდეს მებრძოლ და მეომარ ხალხთან, მაგრამ ამ კურდღლებთან, რომლებიც ერთი კაცის ზურგს არიან ამოფარებულნი, არავის ომი არ დასჭირდება. კურდღლები არიან და ისე გაიქცევიან, თვალს ვერ მოვკრავთ, ვინ სად შეძვრება არჩევნების მერე, ვერ გაიგებთ, ვერ მოძებნით, გულით რომ გინდოდეთ. ბიძინა ივანიშვილია ამათი პატრონი და როდესაც დაინახავს, რომ ჰკარგავს ხელისუფლებას, ყველაფერის ფასად არ ჩაეჭიდება მას, რადგან ხელისუფლების გარდა, ბევრი აქვს დასაკარგი. იმდენი ჭკუა კი აქვს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს ომი არ გამოუცხადოს, რადგან ამ სამყაროს მისნაირი ოლიგარქები ერთი და ორი არ მოუშორებია. კობახიძესა და ღარიბაშვილს არ გადააყოლებს თავის ქონებასა და მომავალს. ივანიშვილი წავა და ესენი, გითხარით, სოროებში შეძვერებიან. შევარდნაძემ რომ თქვა, სახლში წავედიო, ეგრევე დაწვა მთელი მისი გუნდი. ახლაც ასე მოხდება. ივანიშვილი წავა და ამით დასრულდება ამათი ბოგინი.
კომენტარები