გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიაში მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს „ოცნება“ და სხვა გუნდს შეუერთდნენ.
ოზურგეთში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი მარიამ მამეიშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს:
ეს არის სიცრუე, ჩვენი ორგანიზაცია ოზურგეთში არცერთ ახალგაზრდას არ დაუტოვებია. პირიქით, კამპანიის დაწყების შემდეგ, ჩვენ ძალიან ბევრი შემოგვიერთდა, გავხსენით ახალი ოფისიც, მზად გვაქვს საინტერესო ინიციატივები და ვაგრძელებთ ჩვენი მხარდამჭერების გაერთიანებას ამ მიზნების გარშემო.
მართალი გითხრათ, რაც კადრებში ვნახე, ეს იყო “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი ლიდერის უკან მდგარი ადამიანები, რომლებმაც ყურადღების მისაქცევად გააკეთეს ასეთი განცხადება. ვინც სატელევიზიო რეპორტაჟში ვნახე, ისინი ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არ ყოფილან და აშკარად, უფროსების კარნახით ძალიან არაბუნებრივ როლში აღმოჩნდნენ. მათი განცხადებაც ძალიან არადამაჯერებელი იყო, როდესაც 19-20 წლის ახალგაზრდები აცხადებენ, რომ “იმედები პოლიტიკაში გაუცრუვდათ” და “სხვა პარტიაში ბრუნდებიან”. ყველას ჩემს გარშემო ამაზე მხოლოდ გაეღიმა. ოზურგეთში, ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ბევრი აქტიური და წარმატებული ახალგაზრდაა გაერთიანებული, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი და ერთად მუშაობა ძალიან მოგვწონს.
“ქართული ოცნების” კანდიდატი ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძეა – ახალგაზრდა, წარმატებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ვისთანაც ახალგაზრდებს ძალიან მეგობრული ურთიერთობა და არაერთ საინტერესო პროექტზე მუშაობის გამოცდილება გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ ჩვენი მხარდაჭერით ის გაიმარჯვებს და ერთად ბევრის გაკეთებას შევძლებთ.
კომენტარები