წინანდალში, 16 აგვისტოს დატრიალებული ტრაგედიის ირგვლივ, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური და კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, არაერთი ვერსია გაჟღერდა. ყველაზე გავრცელებულ ვერსიად განიხილებოდა, ორ დაჯგუფებას შორის ბიზნესწილების გადანაწილების თეორია.
აღნიშნულ ინფორმაციას, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი, ტარიელ მურმანიშვილი კატეგორიულად უარყოფს. ის for.ge-თან დეტალურად აღწერს თუ რა მოხდა 16 აგვისტოს საღამოს, რა უძღოდა ტრაგედიას წინ და მოხდება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება.
ბატონო ტარიელ, 16 აგვისტოს დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, მათ შორის ისიც, რომ თითქოს ბიზნეს წილები ვერ გაიყვეს ზვიადაურებმა და მეორე მხარემ. თქვენ ზურას ადვოკატი ბრძანდებით და ალბათ, დეტალურად იცით რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი?
– გვრცელებული ინფორმაცია, რომ ბიზნესწილების გარჩევა მოხდა, ტყუილია. იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, მშენებლობა მიმდინარეობდა და ამ ობიექტს ორი ბრიგადა ემსახურებოდა. ერთი აშენებდა, მეორე – ლესავდა. სამშენებლო წარმოებას ვინც აწარმოებდა, მას ლამინირებული მასალები ჰქონდა, რომელიც ლესვის კომპანიამ გამოიყენა ცემენტის მოსაზელად. სამშენებლო წარმოების უფროსი იყო ზურაბ მაისურაძე (ზვიადაურის მხარე) და უთხრა, რომ ეს ძვირადღირებული ლამინატია და ნუ აფუჭებთ, გარეცხეთ და თავის ადგილას დადეთო. მაისურაძის ნათქვამზე ზედამხედველი ვახტანგ კვანტალიანსა და მას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა. ამ შელაპარაკების დროს იცემა მაისურაძე და მისი მეგობარი ჯაბა ჯანგირაშვილი (ორივე ზვიად ზვიადაურის მეგობრები). ამის შემდეგ, შეხვედრა საღამოს დაიგეგმა. ჯაბა ჯანგირაშვილმა დასახმარებლად ზვიად ზვიადაურს დაურეკა. ზვიადიც გაჰყვა. ეს ინფორმაცია ზურას მიაწოდეს, რომ ჩხუბია, სადაც ზვიადიც წავიდა და რამე შარში არ გაეხვიოსო. ზურამ ძმას დაურეკა, თუმცა მან არ უპასუხა, რის შემდეგ ზვიადის მეგობრებს დაურეკა და ადგილზე მივიდა. ზურას მისვლის მოტივი იყო ის, რომ ზვიადისთვის ხელი მოეკიდა და წამოეყვანა, რათა შარში არ გახვეულიყო.
ზურა ადგილზე როდესაც მივიდა, ზვიადი უკვე ნაცემი იყო?
– ზვიადი თავიდან ჩხუბში არ ჩარეულა, რადგან როდესაც ის მივიდა, უკვე, ადგილზე ორივე მხრიდან ბევრი ადამიანი დახვდა. ზვიადის მალევე უკან ზურაც მიჰყვა. ზურას მისვლიდან ერთ წუთში, მეორე მხრიდან ვიღაცებმა ყვირილი დაიწყეს – კონფლიქტში მონაწილე ვინც ხართ მხოლოდ ისინი გამოდითო, თორემ დანარჩენების სისხლი დაიღვრებაო. ამის თქმა იყო და ჩხუბიც დაიწყო. ზურა თავის ძმას დასდევდა, რათა გამოეყვანა, რადგან პრობლემა არ შექმნოდა. როგორც საქმის მასალებიდან გავარკვიე, ამ დროს ცოცხალაშვილმა ჰაერში გაისროლა. ორივე მხრიდან, ყველა მოწმე ამას ადასტურებს. ცოცხალაშვლის მიერ ჰაერში გასროლის შემდეგ, მეორე მხრიდან, აწ გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილი ავტომატურ ცეცხლს სასროლ იარაღს იღებს და დამიზნებით ისვრის მაისურაძის, ზვიადაურისა და მათი მომხრეების მიმართულებით. ამ სროლას მოჰყვა ის, რომ დაიჭრნენ ზვიად ზვიადაური და ცოცხალაშვილი. როგორც, ზურა მეუბნება, ტყვიამ ჩამიქროლა, ვიგრძენი კიდეც, რადგან ტყვიის წნევამ მაისური შეაქანაო და შემდეგ ის ტყვია ზვიადს მოხვდაო. ამის შემდეგ ზვიადი ვარდება ძირს და სისხლისგან იცლება, თან კენჭოშვილი სროლას არ წყვეტდა. ამ დროს ზურამ კუთვნილი ტებელური იარაღი ამოიღო და მოწინაარდეგე მხრის მიმართ სროლა განახორციელა. აუცილებელი მოგერიების გამო ისროლა. ეს არის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საქმის მასალებში დევს.
საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, თუ საიდან ჰქონდა ნიკა კენჭოშვილს იარაღი? თქვენ თუ ფლობთ ამ ინფორმაციას?
– როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ნიკა კენჭოშვილს იარაღი გაფორმებული ჰქონდა და მანქანაში ედო. ის არ იყო თელაველი ან ადგილობრივი, კენჭოშვილი ჭიათურიდან იყო ჩასული. ჩვეულებრივად მეც მიჩნდება კითხვა, როდესაც სამშენებლო ობიექტზე მიდიხარ სამუშაოდ, რატომ ჰქონდა იარაღი თან?! როგორც მოწმეები ამბობენ, ნიკამ 20-25 ტყვია გაისროლა. 12 ტყვია ცოცხალაშვილს აქვს მოხვედრილი, 4 ტყვია კი ზვიად ზვიადაურს მოხვდა.
ცოცხალაშვილმა ვისი იარაღიდან გაისროლა?
– ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის იარაღიდან გაისრლა. ჯანგირაშვილს იარაღი ნაყიდი ჰქონდა და თან იმიტომ ჰქონდა, რომ მეორე დღეს სასროლეთზე უნდა გამოეცადა. ამ იარაღში სულ 5 ცალი ტყვია იდო.
ზურა ზვიადაური მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა და მან ადვოკატების მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ახლა რას მოიმოქმედებთ?
– უკანონო განჩინება უკვე გავასაჩივრეთ. სააპელაციო სასამართლო ზეპირ მოსმენას ჩაატარებს. თავდების სიის გაფართოვებასაც ვაპირებთ, რადგან არიან ადამიანები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ ზურას გვერდში დაუდგნენ. სააპელაციო სასამართლო ამას გვერდს ვერ აუვლის და აღკვეთ ღონისძიებას აუცილებლად შეუცვლის.
თქვენ ითხოვდით საქმის გადაკვალიფიცირებას, ეს სასამართლომ უნდა განახორციელოს თუ პროკურატურამ?
– გამოძიების პროცესში პროკურატურის პრეროგატივაა კვალიფიკაციის შეცვლაც და გამოძიების შეწყვეტაც. თუ გამოძიების პროცესში ეს არ მოხდა, მაშინ უკვე სასამართლო იქნება უფლებამოსილი.
სააპელაციო სასამართლოს სხდომა როდის არის ჩანიშნული?
– თელავის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი დღეს ჩავაბარეთ. მან უნდა გადააგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და როდის გადააგზავნიან, არ ვიცი.
რას ფიქრობთ, მოსამართლემ ამდენი თავდების მოთხოვნა რატომ უგულებელყო, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
– სასამართლოს განჩინება უსამართლობაა. მოსამართლემ თავდებობაზე იცით რა განაცხადა? – თავდებმა პირებმა ვერ დაასაბუთეს, როგორ განახორციელებენ ზურა ზვიადაურის დაცვასო. არადა, თავდები პირები აცხადებენ, რომ ზურა მათი უახლოესი მეგობარია, გააკონტროლებენ ყოველდღიური ნახვით, ტელეფონით. რაც მთავარია, ერთ-ერთი თავდები (ზაქარია ქუცნაშვილი) მოსამართლეს სთავაზობდა, რომ ზურას მის სახლში ეცხოვრა და ასე გააკონტროლებდა. და, ასეთ ვითარებაში მოსამართლემ გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე, საზოგადოებას რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ზურა ზვიადაური თავად ჩაბარდა პოლიციას?
– მომხდარის შემდეგ, ზურამ თავისი ძმა ჩაისვა მანქანაში, დანარჩენები სხვებმა ჩაისვეს. რამდენიმე მანქანაში გადანაწილდნენ. საავადმყოფოში მისვლის შემდეგ, გიდასტურებთ, რომ ზურა თავად მიდის პოლიციაში. თანამშრომლობს სამართალდამცველებთან, თავისი იარაღი წარადგინა, მოწმეთა ბაზა დაუსახელა. მეტი თანამშრომლობა რაღა არის! სასამართლო ამბობს, რომ მტკიცებულებებს გაანადგურებს და მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენსო. ეს როგორ უნდა გააკეთოს, როდესაც იარაღიც თავად ჩააბარა და ამოწმეთა სიაც თავად წარადგინა?!
ტრაგედიამდე სულ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ჩხუბში?
– დაზუსტებული არ არის, თუმცა, ბევრი მონაწილე იყო.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურამ კენჭოშვილს ფეხებში ესროლა და მართალია?
– ფეხებში სროლა არ ყოფილა.
ნიკა კენჭოშვილის მშობლები აცხადებენ, რომ მათ შურისძიება არ სურთ, მათთან კონტაქტი ხომ არ გქონიათ?
– კენჭოშვილის ოჯახშიც საკმაოდ დიდი ტრაგედია ტრიალებს. 27 წლის ბიჭია დაღუპული. ჯერჯერობით მისი ოჯახის წევრებთან კონტაქტი ვერ მოვახერხეთ. ზვიადაურებშიც დიდი ტრაგედიაა და ასევე, არც მათ არ სურთ რაიმე შურისძიება. რა შურისძიებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანი თავს იცავდა. ორივე მხარე საქმეს გაგებითა და შეგნებით ეკიდება.
აპირებთ კენჭოშვილის ოჯახის წევრების მონახულებას?
– ჯერ არ ვიცი.
დაბოლოს, როგორ გრძნობს ზურა თავს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ზურა განადგურებულია. მინდა გითხრათ, რომ მას გადაადგილებაც კი ძალიან უჭირს.
for.ge
კომენტარები