„გადაიდოს თუ არა არჩევნები?“ – ასეთ კითხვას სვამს სოციალურ ქსელში პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და საკმაოდ ვრცელი პოსტით თავადვე პასუხობს.
„1. ქვეყნის 2/3 პირბადის გარეშე დადიოდეს, მთავრობა კონცერტებს ატარებდეს, ქორწილები იმართებოდეს და მსჯელობას ეგრევე ამით ვიწყებდეთ “არჩევნები გადაიდოს!” – არასწორია. NOTE: არჩევნები შეიძლება გადაიდოს, მაგრამ ამაზე ქვემოთ.
2. სინამდვილეში მსჯელობა უნდა იწყებოდეს ეპიდემიოლოგების მიერ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებისა და ამ სცენარებზე რეაგირების განხილვით. ყველამ ვიცით, რომ დიდი დაპირისპირებაა საკოორდინაციო საბჭოზე (დღესაა სხდომა): ეპიდემიოლოგები ვერ არწმუნებენ ღარიბაშვილს, რომ ის უკონტროლობა და ქაოსი, რაც ქვეყანაშია, კიდევ რამდენიმე ათას გარდაცვლილს გვიქადის. აუცილებელია, საჯარო გახდეს ინფორმაცია, რა მექანიზმებს სთავაზობენეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე ღარიბაშვილს და არის თუ არა ამ შეთავაზებაში „ლოქდაუნი“.
3. სინამდვილეში, ყველა გავურბივართ ამ სიტყვას – „ლოქდაუნს“. „ლოქდაუნი“ არავის გვინდა, მაგრამ ეპიდემიოლოგებზე კი არ უნდა გავბრაზდეთ, თუ ისინი ამას მოითხოვენ, არამედ მთავრობაზე, რომელმაც ისევ აქამდე მიგვიყვანა.
4. პროფესიონალები, რომელთაც მე ვესაუბრები, მეუბნებიან შემდეგს: – ვაქცინაცია (თუნდაც დღიური 40,000 აცრა) პლუს ასეთი მაღალი ინფიცირება შედეგს მოგვცემს (როცა პიკი გადავიარეთ და კლება იწყება), საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს – მანამდე ამ სასაკლაოს გააჩერებს მხოლოდ მობილობის მკვეთრი შეზღუდვა (ახლა უფრო მაღალი მობილობა გვქვს, ვიდრე შარშან ზაფხულში!!!)
5. თუ ეპიდემიოლოგების მიერ საჯაროდ საუბრის შემდეგ ვთანხმდებით, რომ „ლოქდაუნის“ გარეშე ამ სასაკლაოს ვერ ვაჩერებთ (ვიმეორებ: აქამდე მთავრობამ მიგვიყვანა!), მხოლოდ მერე შეიძლება თქვან პოლიტიკოსებმა, „ლოქდაუნის“ . „პირობებში საარჩევნო კამპანიას აქვს თუ არა აზრი და ღირს თუ არა არჩვნების გადადება დათქმულ (!) ვადამდე. არჩევნების ვადის დაუთქმელად გადადება ნიშნავს, ივანიშვილს ჩვენით მანიპულირების ახალი ძლიერი ბერკეტი მივცეთ ხელში! თუ არჩევნები გადაიდება, მხოლოდ ოპოზიციასთან შეთანხმებული გეგმითა და კალენდრით, რომელიც მოიცავს შემდეგ შედეგებზე მიმართულ ღონისძიებებს: – ვაქცინაციის დაჩქარება – მობილობის შეზღუდვა – ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება.
6. მაშ, რატომ „მივახტებით“ ხოლმე ეგრევე არჩევნების გადადებას? იმიტომ, რომ – სიტყვა „ლოქდაუნი“ არაპოპულარულია და გვერდს ვუვლით – პოლიტიკოსები „დაბალი ღობეა“ – დააწუწებ ფბ-სტატუსში და ჩასქროლავ ნიუსფიდს, სიკვდილის ჩარხი კი ბრუნავს 7. და ბოლოს. კარგად დაგაკომპლექსათ ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთები: სადაც მთავრობას გააკრიტიკებ, იქ ოპოზიციასაც უნდა გაჰკრა კბილი. აბა, „ნაცი“ რომ გიწოდონ?! ვის ეკეკლუცებით „ობიექტურობას“? ივანიშვილს, ღარიბაშვილს და კალაძეს, რომლებმაც სასაკლაო მოგვიწყო? სანამ მთავრობის პასუხისმგებლობას თქვენ თვითონვე ოპოზიციის პასუხისმგებლობაში ხლართავთ, მანამდე ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კალაძე ცინიკურად აგრძელებენ თავის საქმეს. „ – წერს ჭიაბერაშვილი.
კომენტარები