პანკისის ხეობის სოფლებში, ქორეთსა და დუისში გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილზე, მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფება.
მაჩალიკაშვილი, ამბობს, რომ სპეცოპერაცია, დილის 6 საათისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა.
„ამ წუთებშიც აქ ვარ, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ვერ მივიღე, რას ედავებიან დაკავებულებს. 4 დაკავებული 18-დან 20 წლამდეა, ერთი კი 50 წლის იქნება. ორი პირი, გვარად მაჩალიკაშვილია, ერთი ცათიაშვილი და მას, ფსიქიკური პრობლემები აქვს, ეგ მთელმა ხეობამ იცის. რაც ამ დროისთვის გავარკვიე, ის არის, რომ ჩხრეკის შედეგად, მათი სახლებიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არაფერია ამოღებული. რაღაც სატელეფონო საუბრები აქვთო, ეგ არის. რა საუბარია და რა შინაარსის, ჯერ არავინ არაფერი იცის.“- აცხადებს მაჩალიკაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, 5 პირია დაკავებული.
„ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.“- განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, სოფლებში დუისსა და ქორეთში, ხუთი პირის დაკავება, დილის 6 საათისათვის განხორციელდა.
კომენტარები