„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად დასახელება დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ემსახურო ასეთ მშრომელ, გულღია და პატრიოტ ხალხს, ემსახურო უნიკალური ლანდშაფტების, უნიკალური ბუნების მქონე მუნიციპალიტეტს, ჩვენს მხარეს უმდიდრესი ისტორია აქვს, თავს ვიწონებთ ბუნებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და სტუმართმოყვარეობით, რაც ერთი დღით აქ ჩამოსულ სტუმარსაც კი ასე აღაფრთოვანებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ხელვაჩაური ეს არის მუშტად შეკრული ძლიერი ოჯახი, ძლიერი და სამართლიანი ოჯახი. სამართლიანი ოჯახი 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ყველას გასცემს პასუხს ვისაც აინტერესებს თუ ვინ უნდა იაროს სწორი გზით.
ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, 2012 წლიდან მისი საქმიანობა არის სწორი, მისი საქმიანობა ადამიანურ ღირებულებებზე დამკვიდრებული, ჩემი საქმიანობაც იქნება ღირებულებებზე, აღმშენებლობაზე და იმ ფასეულობებზე დაყრდნობილი, რომელიც უშუალოდ ადამიანთან ურთიერთობებში მოდის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თქვენი ჩართულობითა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და აქ მცხოვრები ადამიანების წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას გადავლახავთ!
მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. გარწმუნებთ, რომ მთელ ჩემს გამოცდილებას, ცოდნასა და ენერგიას მოვახმარ მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას.
გარწმუნებთ, არც ჩემს პოლიტიკურ გუნდს და არც ხელვაჩაურის მოსახლეობას იმედებს არ გავუცრუებ. გპირდებით, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად წინ წავიდეს, უფრო გალამაზდეს, გაჯანსაღდეს და ეკონომიკურად ძლიერი გახდეს.
ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით რეგიონში მართლაც უკვე ბევრი რამ გაკეთდა. სახელმწიფო დიდ ინვესტიციას დებს, რომ სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, წარმოებასა და სხვა სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს, მცირე, საშუალო თუ მსხვილ მეწარმეებს, სახელმწიფოს თანადგომის იმედი ჰქონდეთ.
არსებული პროგრესის მიუხედავად, მიღწეული შედეგებითა და განხორციელებული პროექტებით იქამდე ვერ დავკმაყოფილდებით, ვიდრე კვლავაც იარსებებენ ადამიანები, რომლებიც სოციალურად შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე ხელვაჩაურის თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში ბოლომდე არ აღმოიფხვრება ინფრასტრუქტურული პრობლემები და ვიდრე საჯარო სიკეთე და სერვისები ყველგან კომფორტული და ხელმისაწვდომი არ იქნება.
სიყვარულით, აღმშენებლობით, ურთიერთთანადგომით, ჩვენ გავიმარჯვებთ და უდიდესი უპირატესობით დავდებთ, 2021 წლის 2 ოქტომბერს სწორ შედეგს“ – აცხადებს დიასამიძე.
კომენტარები