ბრიფინგს “ქართულ ოცნებაში”, სადაც მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნების გადადების შესახებ ოპოზიციის საუბარი მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთაა, ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია:
“არათუ გადასადები არ არის არჩევნები, ხალხო, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი, რომ პროფესიონალები და კვალიფიციური ადამიანები მოვიდნენ და ყველაფერთან ერთად ეპიდემიაც მართონ. რომელ გადადებაზეა საუბარი. არც გვაინტერესებს სიმართლე რომ გითხრათ “ქართული ოცნება” რას საუბრობს, ალალად გეტყვით, ჩემი ინტერესის სფეროში საერთოდ არ შედის. 2 ოქტომბერს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ამ ადამიანებს”
პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი:
“ხელისუფლება ვალდებულია სიტუაციის დასტაბილურება უზრუნველყოს და მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.”
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი:
“არჩევნების გადადება-არგადადების საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა ეპიდემიოლოგებმა უნდა დადონ, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ. თუ უფრო მეტი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს და დაინფიცირდეს და ამ სიტუაციას ვერ ვუმკლავდებით, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა გადაიდოს. თუ შესაძლებელია ჩატარდეს სტაბილურ გარემოში, მაშინ მე მომხრე ვარ არჩევნების ჩატარების, იმიტომ, რომ არჩევნების გადადება სხვა პოლიტიკურ რისკებთანაც არის დაკავშირებული”
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე:
“როდესაც ქვეყანა “ლამის სასაკლაოდაა ქცეული”, ხელისუფლებამ ბრალმდებელი განცხადებების ნაცვლად საზოგადოება უნდა დაამშვიდოს და აღნიშნულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.”
კომენტარები