ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ჩალაძე:
ჩვეულებრივ რეანიმაციულ საწოლს არაუმეტეს 15 ლიტრისა წუთში სჭირდება ჟანგბადი, მაშინ, როცა კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტს წუთში 60 ლიტრი ჟანგბადი სჭირდება. ეს არის მარტივი რეალობა. აქვე შეგიძლიათ, შეაფასოთ, შეუძლია თუ არა მთავრობას ამის უზრუნველყოფა. ადგილების რაოდენობა, თუ ჩვენ მხოლოდ ,,ლეჟანკების” გაშლას და სადმე დაწვენას ვგულისხმობთ, ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი საწოლები დადგეს და ეს იყო ცირკი.
ჩვენ გვჭირდება სამედიცინო საწოლი, აღჭურვილი სამედიცინო აპარატურით, მიყვანილი ჟანგბადის აპარატით, ოღონდ მასზე მიერთებული არა ხვრინვის აპარატი, არამედ სასუნთქი სისტემის.
ნებისმიერ დროს, როცა ისმევა კითხვა, რას აკეთებს ხელისუფლება, პასუხი არის ერთადერთი, ცალსახა და მკაფიო: ხელისუფლება კლავს. კლავს უჟანგბადობით, უვაქცინობით, კლავს უექიმობით, უადგილობით, უწამლობით.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით, კოვიდვიტარების გასაუმჯობესებლად და ჯანგბადის დეფიციტის შესავსებად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.
ჟანგბადით მომარაგების პრობლემა დგას ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრის თვიდან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართული არიან ამ საკითხში, რომ კლინიკებმა დროულად მიიღონ თავიანთი კუთვნილი მარაგი. მოწოდების ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია, შემოდის საზღვარგარეთიდან, ნაწილი აქ არსებული საწარმოებიდან ნაწილდება. შესაძლოა, მოხდეს გადანაწილება კლინიკებს შორის, ანუ კლინიკას, რომელსაც აქვს დღეს მარაგი, დაეხმაროს სხვას. ეს არის ძალიან რთული ლოჯისტიკა, რომელიც ჯერჯერობით იმართება.
იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, არ არსებობს.
ჰოსპიტალურ სექტორში დღესდღობით 8056 საწოლია მობილიზებული. ანუ საწოლების რაოდენობამ გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით. 7 600-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს დღეს ჩვენს ჰოსპიტალებში. 370 პაციენტია რეანიმაციაში. 1500 კი ინტენსიურ განყოფილებაში. დატვირთვა არის მაქსიმალური. დღეს ვმუშაობთ იმაზე, რომ ოჯახის ექიმების ინსტიტუტი გაფართოვდეს. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომენტარები