გუშინ, ადვოკატმა ნათია ჩხეტიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ციხეში, მათ შორის, “გეგუთის” ციხეში, პატიმრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
პენიტენციურმა სამსახურმა მხოლოდ დღეს დაადასტურა ფაქტი “გეგუთის” ციხეზე, ერთ-ერთ მედიასთან და განაცხადა, რომ N14 (გეგუთის) პენიტენციური დაწესებულების რვა მსჯავრდებულს კოვიდ-19 დაუდასტურდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
უწყებას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი წერს:
“ველოდებით ოფიციალურ განცხადებას, რომელ დაწესებულებაში რამდენი შემთხვევა დადასტურდა კორონავირუსული ინფექციის და რა ზომების მიღებას აპირებთ ქრონუკულად დაავადებული მსჯავრდებულების დასაცავად, რომელიც ყველაზე მოწყვლად ფენას წარმოადგენს ახალ შტამთან მიმართებაში.
თქვენ ხართ ვალდებული ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას, მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ეს არის არა უფლება, არამედ ვალდებულება დადგენილი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით.”
უფლებადამცველების თქმით, ქუთაისის #2 ციხეში 14 დაინფიცირებული პატიმრის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადვოკატები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დადასტურდა.
“გეგუთის შემთხვევაში, ნამდვილად დაფიქსირდა თავდაპირველად ერთი შემთხვევა. საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა ორი ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება და ის თანამესაკნეებთან ერთად უსიმპტომოა. ყველა გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის შესაბამის სივრცეში”,- ამბობს გაბუნია.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გეგუთის გარდა, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის არსებობა არ დადასტურებულა.
კომენტარები