რას წერდა “ალია” 12 წლის წინ
2009 წელი, “ალია”, ავტორი ნელი ვარდიაშვილი
თბილისში პირბადით ქუჩებში მოსიარულე ხალხს ცხოვრებაში პირველად ვხედავ. ყველას `ღორის გრიპი” აკერია პირზე. ზოგს ტემპერატურა პანიკური შიშის გამოც კი უწევს. უნდა ითქვას, რომ ამგვარი აჟიოტაჟი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებამაც გამოიწვია, _ ყველა სახის გრიპი `ღორის გრიპია” და პირველივე სიმპტომის აღმოჩენისთანავე, სასწრაფოდ, ექიმს უნდა მიაკითხოთო. მუტირებული ცხოველური ვირუსით ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკური განცხადებების კეთება და პოლიტქულების მოგროვებაც დაიწყეს. მაგალითად, ქალაქის მერმა, გიგი უგულავამ, განაცხადა, რომ ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურება უფასო იქნებოდა და ხარჯებს სახელმწიფო დაფარავდა. გამოკვლევა, ანუ სისხლის ანალიზიც, რომლითაც ვირუსის სახეობის დადგენა არის შესაძლებელი, უფასოდ გაკეთდება, რის შემდეგაც დაავადებულ პაციენტს `ღორის გრიპის” დამამარცხებელი პრეპარატი `ტამიფლუ” უფასოდ გადაეცემაო. ეს ყველაფერი, ცხადია, ცუდი არ არის, თუმცა ჩვენამდე მოვიდა ხმები, რომ ეს დაპირება ბლეფი და ისეთივე აფიორაა, როგორც სხვა მრავალი, რომელიც `ნაციონალებს” ხალხისთვის მიუციათ… ამიტომ `ალია-ქრონიკამ” გადაწყვიტა, პაციენტის როლში შესულიყო საავადმყოფოებში და საკუთარ `ტყავზე” გამოეცადა, რა ხდებოდა იქ სინამდვილეში? ჟურნალისტური რეიდის ჩატარება, სახელწოდებით, `ღორის გრიპი”, თბილისის #1-ლი _ არამიანცის საავადმყოფოდან დავიწყეთ.
საავადმყოფოს მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, მიმღებ განყოფილებაში შევდივარ და შეწუხებული სახით ვუხსნი, რომ ღამით სიცხე მქონდა, 37,3, მახველებდა, მართალია, დილით სიცხემ დამიწია, მაგრამ მეშინია, `ღორის გრიპი” არ მქონდეს. ხომ აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც კი სიმპტომს დაინახავთ, ექიმთან მისვლა არ დააყოვნოთო? აქვე ვცხოვრობ და გათენდა თუ არა, გამოვიქეცი-მეთქი. მიმღებიდან მეორე სართულისკენ მითითებენ, _ თერაპიული განყოფილებაა და იქ უნდა მიბრძანდეთო. განყოფილებაში, რომელიც რკინის კარით არის გადაკეტილი, ავადმყოფების ჭაჭანება არ არის. შუშებიან დიდ ოთახში ორ თეთრხალათიანს ვლანდავ. მათთან მივდივარ და ზუსტად ისე ვუხსნი მდგომარეობას, როგორც ქვემოთ, მიმღებში. ერთ-ერთი კონტაქტზე გამოდის და მეუბნება, _ ექიმი ვარ, `ღორის გრიპია” თუ არა ნამდვილად, ეს ოფიციალურად ინფექციურში უნდა დააზუსტოთ, თუმცა მე ისევე შემიძლია გაგსინჯოთ და წამლები გამოგიწეროთ, როგორც სხვა ექიმს შეუძლია, რა აზრი აქვს, ვისთან წახვალთო? რადგან ექიმი მეუბნება, რომ აზრი არ აქვს, გასინჯვაზე ვთანხმდები და მეორე ოთახში გავდივართ. ექიმი ჩემი მდგომარეობით კიდევ ერთხელ ინტერესდება და მეუბნება, რომ ჩემი ჩაცმულობა არ მოსწონს (თეთრი პერანგი მაცვია) და ზამთარში ყელიანი ჯემპრი უნდა ჩავიცვა. შემდეგ ფილტვებს ფონენდოსკოპით მისინჯავს და მეუბნება, რომ ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს, თუმცა მაინც მიწერს წამლებს: `ნიმესილს” და მშრალი ხველისთვის `პაკსელადინს”. ექიმს კიდევ ვუმეორებ, _ სიცხე მქონდა, მახველებს და `ღორის გრიპი” ხომ არ მაქვს-მეთქი? იგი იღიმება და მამშვიდებს, რომ ახალი ვირუსი არ მჭირს. მე კითხვას კიდევ ვუბრუნებ, _ აბა, ტელევიზიით რომ აცხადებენ ჯანდაცვის მესვეურები, ყველა ასეთი შემთხვევა `ღორის გრიპიაო”, მათ სიტყვას არ უნდა ვენდოთ-მეთქი? _ ტელევიზორში სხვა რამ ხდება და რეალურად _ სხვა, როგორ გგონიათ, ვირუსი სხვა დროს არ იყო, ან ხალხი სხვა წლებში არ იხოცებოდა? წინა წელს თავად შემხვდა, ყურადღება ვერ მივაქციე და კინაღამ დავიღუპე, ისე გამირთულდა მდგომარეობა. უბრალოდ, პანიკაა ატეხილი. რისთვისაა საჭირო იმის გარკვევა, გრიპი `ღორის არის”, ცხვრის თუ ტროლეიბუსის (პრინციპში, სიმართლეს ამბობს, რას ვერჩით?), თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მის სახელწოდებას? სიცხეს მოგცემს თუ არა, ისედაც უნდა მიმართოთ ექიმს. ცხადია, მე კვლავ ვკითხე, _ ეს პანიკა ვის ან რის გამო ატყდა-მეთქი? თუმცა ექიმი ამაზე კონკრეტულს არაფერს მეუბნება და ისევ ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აგრძელებს საუბარს, _ სამსახურში თბილად უნდა იყოთ და სიცხე თუ აგიწევთ, დამწევი მიიღოთო. ბოლოს, `ვუბედავ” და ვეუბნები, რამდენი უნდა მივცე გასამრჯელოდ? ველოდები, რომ მეტყვის, ვირუსიანებისთვის მომსახურება უფასოაო (აბა, ასე არ გვითხრეს ჩვენი ქვეყნის მესვეურებმა?!), მაგრამ ექიმი სხვანაირად მპასუხობს, _ რამდენიც გინდათ, იმდენი დატოვეთო. ვუხსნი, რომ ოცლარიანი მაქვს და ხურდაც არ გამაჩნია, ანუ ვახვედრებ, რომ ამდენის გადამხდელი არ ვარ. იგი ფულს მართმევს და დასახურდავებლად მიაქვს, თან, ყოველი შემთხვევისთვის, აყოლებს, _ მოლარე არ არისო. ცოტა ხანში კი მეორე თეთრხალათიანს ათლარიანების კუპიურები მოაქვს, საიდანაც, ცხადია, ერთ კუპიურას უკან ვატან. ხოო, მართლა, როცა ექიმს ფულს ვაძლევდი, სახელი და გვარი ვკითხე, რეცეპტსაც აწერია, მაგრამ მისი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებთ, რადგან ეს ყველაფერი, შესაძლოა, სამსახურიდან მისი განთავისუფლებით დამთავრდეს და ამ გაჭირვებულ ყოფაში ეს ნამდვილად არ გვინდა.
არამიანცის საავადმყოფოდან წმ. მიხეილის სახელობის საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი. საინტერესოდ მივიჩნიე, რას მეტყოდნენ იქაური ექიმები `ღორის გრიპზე” და იქ რამდენი დამიჯდებოდა ეს ე. წ. უფასო გასინჯვა. მიმღებში მჯდომ ახალგაზრდა ექიმებს იგივე ტექსტით ვურაკრაკებ ჩემი `ავადმყოფობის ისტორიას და პასუხს მოუთმენლად ველოდები. მეუბნებიან, რომ რადგან შაბათია, თერაპევტები საავადმყოფოში არ იმყოფებიან და სხვა საავადმყოფოს მიაკითხეთ, ასეთ პაციენტებს, მგონი, ინფექციურის და ღუდუშაურის საავადმყოფოები ღებულობენო.
წმ. მიხეილის საავადმყოფოდან რესპუბლიკურში ვინაცვლებ და `ემერჯენსის” მიმღებ განყოფილებაში შევდივარ. შეიძლება ითქვას, `ტექსტი იგივეა”. მიმღების ექიმები მეუბნებიან, რომ ვირუსიანებს ინფექციურში სინჯავენ, იქვე იღებენ სისხლსაც და ამით ხდება გრიპის კატეგორიის დადგენა. ჩვენთან ასეთ ავადმყოფებს არ ვიღებთო. მეც იქვე, ყაზბეგის ქუჩაზე ჩავდივარ და ინფექციური საავადმყოფოს ორსართულიანი შენობის წინ სიტუაციის დასაზვერად ვდგები.
მიმღებში, დაახლოებით, 2 წლამდე ბავშვს სინჯავენ. შენობის მეორე სართულის ფანჯრებიდან ხელში ბავშვებაყვანილი ქალები იყურებიან. როგორც ჩანს, პატარებს ვირუსი მეტად ებრძვის. კარზე, რომლითაც ინფექციურ საავადმყოფოში შედიხარ, განცხადებებია გამოკრული: `ყველა პაციენტი, რომელიც საჭიროებს ახალ, eiC1en1 გრიპზე გასინჯვას, შემოვიდეს რესპირატორული ინფექციების ბლოკიდან და არ იმოძრაოს სხვადასხვა მიმართულებით. 11 საათიდან მინიშნებულ კართან პაციენტების რიცხვი მატულობს. სასწრაფო დახმარების მობილურ ჯგუფს, დაახლოებით, 40 წლამდე მამაკაცი მოჰყავს. რადგან მიმღების ოთახს მოსაცდელი არ აქვს და შიგნით სხვა პაციენტს სინჯავენ, სასწრაფოთი მოყვანილი ავადმყოფი საავადმყოფოს ღია აივანზე, დაახლოებით, 10 წუთი იცდის. ამის შემდეგ ოთხი ადამიანი მიდის ამ კართან, ორი მამაკაცი და ორიც _ ქალი. როგორც შემდეგ ვარკვევ, მარნეულიდან არიან. კაცი მიყვება, _ ჩემი რძალია ავად, თან, ორსულად არის, რამდენიმე დღეა, მაღალი სიცხეები აქვს. მარნეულში მივიყვანეთ ექიმთან, რომელიც ღუდუშაურშიც მუშაობს და მან გამოგვიშვა აქ, მხოლოდ ინფექციურში ხდება `ღორის გრიპის” დადგენაო. ამის თქმა იყო და მიმღებიდან თეთრხალათიანი, პირბადიანი ქალბატონი გამოდის და საკმაოდ ცივი მზერით გვიცხადებს, _ აქ სისხლის ანალიზი აღარ კეთდება, ექიმი მხოლოდ სინჯავს, ფილტვებზე უსმენს და დანიშნულებას ნიშნავსო. ერთადერთი, თუ საჭიროდ მიიჩნევს, რენტგენს გადაგიღებთო. როცა იგებს, რომ იქ მდგომი გოგონა ორსულად არის, მის გასაგონადაც ამბობს, _ ორსულებს მხოლოდ `რელენზას” ვაძლევთო. ცხადია, როგორც ყველა იქ მყოფმა, მეც შევიცხადე, _ აბა, `ღორის გრიპი” მაქვს თუ რა ჯანდაბა, ამას როგორ დამიდგენთ-მეთქი? _ ამას ექიმი დაადგენს კლინიკითო, _ მეუბნება და კარის შიგნით უჩინარდება.
კი მაგრამ, თქვე კაი დედმამიშვილებო, თუ ამ ოხერი ვირუსის დადგენა ასეთი ადვილია, მაშინ, საერთოდ, რად დაიწყეთ ეს სისხლით კვლევები? თუ არ არის ადვილი, ახლა რატომ შეწყვიტეთ? _ ვფიქრობ ჩემთვის, თუმცა როგორც შემდგომ ვიგებ, ტესტები გამოელიათ და ჯანდაცვის სამინისტრო ხალხისთვის ზედმეტად, აბა, ფულს როგორ დახარჯავს. მერე, საკუთარი `პაეზდკებისა” და უცხოეთში სეირნობისთვის ხომ აღარ დარჩებათ?! ცოტა ხანში მიმღების კარიდან ის მამაკაცი გამოვარდა ახლობელთან ერთად ლანძღვა-გინებით, სასწრაფომ რომ მოიყვანა: `ესენი ექიმები არიან, ამათი დედა?!. სასწრაფომ მომიყვანა, ფაღარათი მაქვს, სიცხე, თავის ტკივილები და მეუბნებიან, არ ვიცით, რა გაქვს, თუ გინდა, დაწექი საავადმყოფოშიო. ესენი ექიმები არიან თუ ვინ არიან, უფროსს ვნახავ და ამათ დედას ვუტირებთ! _ გაჰკივის განწირულად. ეზოში გამოვარდნილები იქვე მიმავალ თეთრხალათიან მამაკაცს აწყდებიან და გაბრაზების მიზეზს უზიარებენ, _ ისე კი არ ვართ მოსული, სასწრაფომ მოგვიყვანა, თან ხელწამოსაკრავი ხალხიც არ ვართ, `სპეცნაზში” ვმუშაობ და მაინცდამაინც, პატრულს უნდა გამოვუძახო, ნორმალური ყურადღება რომ მომაქციონ? თუ მხოლოდ ფილტვები უნდა გაესინჯათ და მეტი არაფერი, აქ რატომ მომიყვანეს?! ექიმი მათ უტკბება და თავისებურად უხსნის, _ ეს ყველაფერი პანიკაა, ნუ ნერვიულობთო. თუ სინამდვილეში გინდა გამოიკვლიოთ, რა გჭირთ, ერთი 4 დღე აქ უნდა დაწვეთ, ისე, მაინც ვერავინ ვერაფერს გეტყვით და ზედაპირულად რამის თქმას, კიდევ, რა აზრი აქვს? მიიღეთ წამლები, დაწექით სახლში და დააკვირდით, თუ მორჩით, ხომ კარგი, თუ დამძიმდა მდგომარეობა, მერე წამოდით და მართლა გამოიკვლიეთ (ახსნაც ასეთი უნდა!). ცოტა ხანში ორივე მამაკაცი `დამშვიდებული” მიდის სახლში.
ჩემ წინ რიგში რამდენიმე ახალგაზრდაა, რომლებსაც ასევე მხოლოდ ფილტვებს უსინჯავენ, ყელს უთვალიერებენ და იმის მიხედვით უდგენენ, `ღორის გრიპი” აქვთ თუ არა. გასინჯული პაციენტებიდან მხოლოდ ერთს, ფეხმძიმე გოგონას ტოვებენ საავადმყოფოში. ისე, ტესტირება რომ საჭირო არ იყო და ამის დადგენა მარტივი ფორმითაც შეიძლებოდა, ერთ-ერთ მხიარულ ტელეშოუში ჯანდაცვის მინისტრმა კვიტაშვილმაც `აღიარა” _ თუ ღრუტუნი დაიწყეთ, ე. წ. ღორის გრიპი ეგ იქნებაო. ჰოდა, სამედიცინო დაწესებულებებშიც, ეტყობა, მინისტრის სიტყვა კანონად მიაჩნიათ და ასე `ლაითად” უდგებიან ამ საკითხს. მიმღების რიგში ისიც გავარკვიე, ამ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი, `ტამიფლუ”, აფთიაქებში იყიდებაო (ინფორმაციისთვის: 10 აბი 55 ლარი ღირს, _ რედ.), ყოველ შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ რიგდებოდა ეს მედიკამენტი უფასოდ.
ჩემი რიგიც მოვიდა. ექიმს უკვე გაზუთხული ტექსტით ვუყვები ჩემი `ავადმყოფობის ისტორიას”. ისიც მაშინვე იქვე მდგომ ტახტზე მსვამს და ნათურით ყელს მითვალიერებს, _ ყელი შეწითლებულია! _ ამბობს მჭმუნვარე სახით ჩემს გასაგონად. ვაა! ჩემი მცირე სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე, გაწითლებულმა ყელმა ტკივილი იცის და აბა, მე რომ არ მტკივა?! თუმცა ამას რა მათქმევინებს? მერე ხომ მეტყვის, _ შე ოჯახდაქცეულო, თუ არც არაფერი გტკივა და არც არაფერი გაწუხებს, აბა, ამ სისხამ დილას აქ რა მოგარბენინებდაო? თეთრხალათიანი ფილტვებზე გადადის. ჯერ ზურგიდან მსინჯავს ფონენდოსკოპით, შემდეგ წინიდან. ფანჯრიდან ჩემს ფოტოკორესპონდენტს, დათო ტეტელოშვილს ვხედავ, რომელიც ცდილობს, შეუმჩნევლად დააფიქსიროს ჩემი გასინჯვის პროცესი და გულში მეცინება. ექიმი გასინჯვას ასრულებს და მეუბნება, რომ, ჯერჯერობით, ფილტვები სუფთაა, თუმცა ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ `ღორის გრიპი” არ მაქვს, _ სისხლის ანალიზიც მინდა ავიღო, _ ვაპარებ ექიმს ჩემებურად, _ მაინტერესებს, ღრუტუნს ხომ არ დავიწყებ-მეთქი? _ უკვე ხუმრობაზეც გადავდივარ. ისიც მიხსნის, _ ჩვენ სისხლის ანალიზით უკვე რამდენიმე დღეა, ვირუსის ჯგუფს აღარ ვადგენთ. მცდარი ინფორმაციაა, თუ ვინმემ გითხრათ, რომ აქ მაგის დადგენა ისევ ხდება. პაატა იმნაძემ სამი დღის წინათ თქვა ეს და ყველამ ხომ უნდა გაიგოსო? ვისაც სიცხე აქვს, ყველას `ღორის გრიპი” აქვს! _ მეუბნება მოჭრით. ვაიი! ვპანიკდები მეც მის დასანახავად, ანუ წუხელ რომ სიცხე მქონდა, `ღორის გრიპი” იყო და ახლა რომ არ მაქვს, აღარ არის? _ ასე არ არის (თუმცა, არ მიხსნის, როგორაა), მაგრამ მაინც დალიეთ სიცხის დამწევი `პარაცეტამოლი” და `ცე” ვიტამინი, _ სერიოზული ტონით მიცხადებს და მახვედრებს, რომ ვიზიტი უნდა დავასრულო… ანუ კიდევ ერთი დანიშნულება მივიღე და ბედნიერი, ფოტოკორესპონდენტთან ერთად, ინფექციურიდან ახლა ღუდუშაურის კლინიკისკენ მივდივართ.
ამ საავადმყოფოშიც თავდაპირველად მიმღებს ვაკითხავ. ერთ-ერთ თეთრხალათიანს ვუხსნი, რომ `ღორის გრიპის” შიშით ვკვდები, ღამით 37,3 სიცხე მქონდა და იქნებ, რამე მიშველონ?! კახა ექიმთან გამგზავნეს, მან კი თერაპევტის დალოდება მირჩია. ასე 15-წუთიანი ამაო ლოდინის შემდეგ კი ბატონი კახა მეუბნება, რომ სანამ ექიმი გამოჩნდება, კარგი იქნება, საქმე წინ წაიგდოთ და რეგისტრაცია გაიაროთო. ამ რჩევის მიზეზს სრულყოფილად მაშინ ვხვდები, როცა `ფორტოჩკაში” თავს ვყოფ და იქ მჯდომი მამაკაცი მეუბნება, რომ ექიმის კონსულტაცია 36 ლარი დამიჯდება, შემდეგ რამე თუ კიდევ დამჭირდა, ის ცალკე უნდა გამომიწეროს. აკი უფასოაო? _ პაციენტისთვის არაადეკვატური პრეტენზიით ვაცხადებ და სწრაფადვე ვუწევ ტონს, რამე რომ არ შემამჩნიონ, _ ჩვენთან უფასო არ არის, ქალბატონო! _ მმოძღვრავს ისიც, _ ამ ფასში ვირუსის სახეობის დადგენაც შედის? _ კვლავ არ მასვენებს ცნობისმოყვარეობა. ამჯერად ისევ კახა ექიმი `მეხმარება” და მიხსნის, რომ ეს ასათიანის ქუჩაზე, პაატა იმნაძესთან ხდება, თუმცა როგორც ვიცი, ტესტები აღარ აქვთო. მოკლედ, ეს ცხოვრება რომ მართლაც მოსწრებაზეა, საავადმყოფოდან საავადმყოფოში ჩემი წოწიალიდანაც მშვენივრად გამოჩნდა, ანუ ღუდუშაურიდან ხელმოცარული წამოვედი.
რედაქციაში დაბრუნებულები მე და ჩემი ფოტოკორესპონდენტი ვსაუბრობთ: დათო მეუბნება, _ ნელი, აწი ავად მართლაც რომ გახდე და ამ საავადმყოფოებში შენი გვარი გაიგონ, შეიძლება, თავი მოგაჭრანო. მწარე სიმართლეა, ვიცი, მაგრამ ჩემი რა ბრალია, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას ჯანდაცვის სფეროში ასეთი ქაოსი და ვაკქანალია აქვს შექმნილი? მეტი სად შეიძლება წავიდეს ავადმყოფი, რამე რომ გაარკვიოს? როგორც მე გავარკვიე ჩემი ავადმყოფობა, ალბათ, ყველა ასე `არკვევს, ესენი, კიდევ, ენით ზურგს იფხანენ, _ ხალხს ყველაფერს ვუკეთებთ, მეტი რა ვქნათო? ახლა კი მინდა მივმართო ბატონ სანდრო კვიტაშვილს: ბატონო სანდრო, ვიცი, რომ მემდურით და ჩემი წერილები, სადაც ჯანდაცვის ნაკლოვანებებზე ვწერ ხოლმე, ცუდ ხასიათზე გაყენებთ. აი, ახლა, ვერც ერთ დაწესებულებაში ვერ დამიდგინეს, რა მჭირდა, ფული ამახიეს და ყველგან სხვადასხვა წამალი გამომიწერეს, ჯერჯერობით, ამ ჯანმრთელ ქალს და როგორ მოვიქცე, _ დავლიო, თუ თავი შევიკავო? ექიმებისგან ვერაფერი დავადგინე წესიერად და იქნებ, თქვენ, პროფესიით ისტორიკოსმა მაინც მითხრათ, `ღორის გრიპი” მაქვს თუ ტროლეიბუსის?!
კომენტარები