„ლაილაშში სკოლა ავაშენეთ, რომელსაც 800,000 ლარი მოხმარდა და რომელსაც ლაბორატორია, კვების ბლოკი, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებიც აქვს. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. საირმის და ცაგერის სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,“- ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ ცაგერში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი ნემსაძის წარდგენაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ახალი სიცოცხლე და შესაძლებლობები გაჩნდა მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის. მისი თქმით, თითქმის უკვე დასრულებულია ჩქუმი-ქულბაქის გზა, თუმცა სამუშაოების წარმოებისას ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით ემატება სამუშაო, ლაილაშის-თაბორის გზა კი, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დასრულებული, კონტრაქტორის გამო შეჩერდა და მალე კვლავ თავიდან გამოცხადდება ტენდერი.
„იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა მხოლოდ იმერეთისა და რაჭის გზა არ არის. ეს არის ლეჩხუმის, ეს არის ქვემო სვანეთის გზაც. ლენტეხი-ლასდილი-უშგული-კალა-მესტიის დამაკავშირებელი გზის პირველი მონაკვეთი წელს, ხოლო ძირითადი მონაკვეთები 2022 წელს დასრულდება. ამ 51 კმ-იანი გზა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გადარჩენა შეიძლება ვუწოდოთ. გადარჩენა რადგან ამ გზის წყალობით მეტი ადამიანი ჩამოვა, და გაიცნობს აქაურობას, ვინც იცნობს, ის უფრო მეტხანს დარჩება“,-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
კომენტარები