“ჩეჩნეთი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, სახალხო გმირები კი ცდილობდნენ, ის ისეთი გამხდარიყო, როგორიც ახლაა”, – ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ეს ტექსტი “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა და მას ადგილობრივების აღშფოთება მოჰყვა.
“რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის ისტორიასთან დაკავშირებით თავისი ხედვა რესპუბლიკის მთავრობის გაფართოებულ სხდომაზეც წარმოადგინა, სადაც განაცხადა, რომ მათ არასდროს ჰქონიათ დამოუკიდებლობა და მით უფრო, სახელმწიფო”, – წერს kavkaz-uzel.eu.
“სინამდვილეში, ჩეჩნეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა და არავითარი სახელმწიფო არ გვქონია. შეიხ მანსურს დამოუკიდებლობა რომ სდომოდა, გელენჯიკამდე კი არ ჩავიდოდა, რესპუბლიკაში იბრძოლებდა და აქ დაარსებდა სახელმწიფოს თავისი დროშითა და გერბით. მან კი მთელი კავკასია ბრძოლით გაიარა და ანაპამდე მიაღწია”, – ციტირებს გამოცემა კადიროვის სიტყვებს.
“რისთვის ვიბრძოდით შეიხ მანსურის დროიდან? – იმისთვის ვიბრძოდით, რომ ალაჰი, მისი შესაძლებლობები შეგვეცნო და ჩეჩნური კოდექსი შეგვენარჩუნებინა.. თუ გადავხედავთ ჩვენს ეროვნულ გმირებს და განსვჯით მათ მიერ განვლილ გზას, თუ რა გააკეთეს, რას მიაღწიეს, ნათელია, რომ ისინი იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს“, – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.
კადიროვის მოსაზრებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე “კადიროვცები” ნადირობენ, რის შემდეგაც, ისინი ან ქრებიან, ან ვიდეომიმართვას ავრცელებენ, სადაც ბოდიშებს იხდიან, უმეტესობამ აზრი სოციალურ ქსელში ფსევდონიმით გამოხატა.
“რომელ დამოუკიდებლობაზე საუბრობს?! ჩეჩნეთი დამოუკიდებელი იყო შამილის იმამატის დროს“, – წერს დაღესტნელი ინტერნეტმომხარებელი.
“რას ბოდავს ეს, თურმე კავკასიელი გმირები იმისთვის იბრძოდნენ, რომ შემდეგ მონობაში ეცხოვრათ?!“ – წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი “ვორკიტინსკი”.
“კადიროვი არის ნათელი მაგალითი, თუ რას უშვება პუტინის მონობა ადამიანს, სრული ძალაუფლების სანაცვლოდ. არც მიკვირს, რადგან რამდენიმე დღის წინ ბოდიშების კიდევ ერთი კასკადი ვიხილეთ, რუსმა ჩემპიონმა, მებრძოლმა არტურ კულიცკიმ მოუხადა ბოდიში კრიტიკული პოსტის გამო.
გავრცელებულ ვიდეოში, ყველაფერი ალკოჰოლს დააბრალა. არადა, რამდენიმე დღის წინანდელ ვიდეომიმართვაში ის უკრაინასა და ბელარუსში რუსეთის ხელისუფლებისა და “კადიროვცების” ამაზრზენ და უკონტროლო ქმედებებზე საუბრობდა. თუმცა, მალევე ყველაფერი უარყო და რუსეთის ხელისუფლებასაც და კადიროვსაც ბოდიში მოუხდა. ალბათ, ყველაფერი გასაგებია. პუტინის ხელქვეითი კადიროვი ყველა ზღვარს სცდება, მისი “აღმზრდელივით,” – წერს ინტერნეტმომხმარებელი, არტემ ადამოვი.
“თქვენ გგონიათ, მან თავისი ქვეყნის ისტორია თუნდაც სასკოლო დონეზე მაინც იცის? – არ დაიჯეროთ. კრემლში მოაზროვნეები რაში სჭირდებათ?! რაც უფრო სუსტი გონებისაა, მით უკეთესი სამართავია, რასაც ჩააგონებ, იმას იტყვის. ჰოდა, ახლა ჰგონია, რომ უსასტიკესი “კადიროვცების” დახმარებით ისტორიასაც შეცვლის”, – მიაჩნია ალიას კურდინოვს.
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები